GEO | ARM | ENG | RUS
სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელი რუბენ ადალიანი

შინაარსი:
წინასიტყვაობა
გენოციდის არსი და მისი ტოტალური ასპექტი
სომხების გენოციდის გამომწვევი მიზეზები
ქედის მოხრა
ძალაუფლების და უძალობის იერარქია
მოლოდინთა კოლიზიები
როცა სიმხეცე პოლიტიკად იქცევა
გენოციდი
ბრძანების აღსრულება
დეპორტაცია
ხოცვა-ჟლეტა
შიმშილი
არჩევანი: გაქცევა თუ წინააღმდეგობის გაწევა?
გენოციდის შედეგები
გადარჩენის ტკივილი
მოკვეთილთა სულიერი ერთიანობა
მსოფლიო საზოგადოების რეაქცია
სამშობლოს პირველი იმედი
სამართალმა დაიგვიანა
მოულოდნელი შედეგები
სიჩუმე დიასპორაში
წარსულის მიგნება
მეოცე საუკუნის გენოციდი
გენოციდი და საერთაშორისო სამართალი
ბოლოსიტყვაობა
ბიბლიოგრაფია

 

წინასიტყვაობა

სომეხთა გენოციდის ისტორიაზე უამრავი წიგნია დაწერილი. დასაწყისში ამ წიგნების ავტორები ძირითადად სომხურენოვანი, გენოციდს გადარჩენილი მოსახლეობის წარმომადგენლები იყვნენ. ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეს საკითხი სულ უფრო მეტი და მეტი ისტორიკოსის და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მეცნიერების ინტერესის საგანი გახდა და გამოქვეყნდა მათ მიერ ჩატარებული უამრავი კვლევის შედეგები. ზოგიერთი ამ ნაშრომებისა გენოციდთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ საკითხებს და განზომილებებს შეეხება. ზოგი კი, მხოლოდ არქივებში არსებულ მასალებს წარმოგვიდგენს. ასეთი ნაშრომები მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის არის განსაკუთრებით საინტერესო.

სომხეთის ეროვნულმა კომისიამ გენოციდის 80 წლისთავთან დაკავშირებით მიმოიხილა ამ საკითხზე არსებული მასალა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა მომზადდეს ნაშრომი, რომელიც იქნება მოკლე ექსკურსი გენოციდის შესახებ. ეროვნული კომისიის აზრით ეს არსებული ხარვეზის შევსება იქნება.

გენოციდი არის ხალხის მასობრივი, ორგანიზებული განადგურება ერთადერთი მიზნით _ ბოლო მოეღოს მათ არსებობას. როგორც წესი, გენოციდის განმახორციელებელი არის სახელმწიფო, ხოლო მსხვერპლი კი _ ამ სახელმწიფოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობა. შედეგი კი გახლავთ ამ ეროვნული უმცირესობის თითქმის ბოლომდე განადგურება. სომეხთა გენოციდი ამ განსაზღვრების ფარგლებში ჯდება.

1915 წელს ოტომანთა იმპერიის ახლადშექმნილმა, თურქმა მთავრობამ გეგმად დაისახა სომეხთა განადგურება. 1918 წლისათვის მათ მიაღწიეს იმას, რომ თითქმის მთლიანად გაანადგურეს იმპერიის სომეხი მოსახლეობა. 1923 წელს, როცა ნაციონალისტმა თურქებმა ოტომანთა იმპერიის მაგივრად დააარსეს თურქეთის რესპუბლიკა, მათი მიზნების და გეგმის შესაბამისად სომხური ერთობის არსებობა მცირე აზიაში შეწყდა.

როგორ მოხდა ეს? რატომ აირჩიეს სომეხი ერი განადგურებისათვის? როგორ მოხდა, რომ მთელი ერი წინ არ აღუდგა ამ ბედისწერას? რატომ გაატარა თურქეთმა ასეთი პოლიტიკა? რატომ შეხვდა მსოფლიო დუმილით მეოცე საუკუნის პირველ გენოციდს? ეს იმ მრავალ კითხვათაგანია, რომლებზეც პასუხია გასაცემი, რათა გასაგები გახდეს სომეხთა მემკვიდრეობითი მიმტევებლობა იმ ტრაგედიის მიმართ, რომელიც განსაზღვრავს ამ უძველესი ერის თანამედროვე სახეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გაჩნდა 1991 წელს. თითქმის ერთი წელია გენოციდის მოგონებების მძიმე ტვირთით ცხოვრობენ ამ ტრაგედიას გადარჩენილები და მათი მემკვიდრეები. სომხეთი, რომლის დღეგრძელობასაც უკავშირებდნენ სომხები გადარჩენის იმედებს, დღეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. თავისთავად ჩნდება კითხვა: როგორ აღიქმება გენოციდის ფაქტი სომხეთის დამოუკიდებლობის კვლავდაბადების ფონზე? გამომდინარე იქიდან, რომ სომეხი ერი გენოციდს თვლის საკუთარი ისტორიის ცენტრალურ მოვლენად, პასუხისმგებლობა ამ ფაქტის შესწავლა-მოძიების მიმართ სულ უფრო და უფრო ძლიერდება. 24 აპრილის გახსენების ყოველწლიური აქტი ანახლებს მოგონებებს სიკვდილზე და იმ საშინელი წლების მანძილზე გადატანილ ტკივილზე. გენოციდის გააზრება დღესაც აქტუალურ საკითხად რჩება.

გენოციდის არსი და მისი ტოტალიტარული ასპექტი

მასობრივი მკვლელობა ძალმომრეობის განსაკუთრებით საზარელი ფორმაა. სომეხი ერის არსებობის ხანგრძლივი ისტორია, საკუთარ მიწა-წყალსა თუ დიასპორაში, ასეთი ორგანიზებული ძალმომრეობის გამოვლენის სუბიექტი რამოდენიმეჯერ იყო, რისი მიზანიც თავისუფლების წართმევა, დამორჩილება, მათი დამონება ან დანგრევა გახლდათ. როცა 705 წელს სომეხი დიდებული, კეთილი სურვილებით, ნახჭევანს გაემგზავრა მუსულმან, არაბ ბატონებთან, მოხდა მთელი თაობის ხოცვა-ჟლეტა და სრულად განადგურდა ის არისტოკრატული ოჯახები, რომლებიც სომხეთს მართავდნენ. 1988 წელს, როდესაც ყარაბახის სომხურმა მოსახლეობამ თხოვნით მიმართა თავის მთავრობას, შეეცვალათ ამ რაიონის სტატუსი და გაეერთიანებინათ სომხეთთან, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მოეწყო სომხების დარბევა და ყველა იმედი, რომ ასეთი პოლიტიკური ცვლილება მოხდებოდა მშვიდობიანი გზით, დასამარდა.

ამ ორ მოვლენას ერთმანეთისაგან ათასზე მეტი წელი აშორებს, მაგრამ ორივე ერთნაირად დიდი ტრაგედია იყო. თუკი ვინმე სომხეთს განაგებდა, ამ ერის განადგურებაზე ფიქრს თავს არ ანებებდა. არც სომეხ სეფეწულებს ნახჭევანში და არც სუმგაითის სომეხ მოსახლეობას მოსვლია თავში საფრთხის საშიშროება. მოხდა მათი სწრაფი განადგურება, რამაც შიში დათესა. შიში კი ჩაგვრის საუკეთესო საშუალებაა. რამოდენიმე ადამიანის უღმერთო კვლას ბევრის დაშინება შეუძლია. ამ დროს ყველა, ქალი და კაცი, სიმხეცით გაჟღენთილ გარემოცვაში იმყოფება და ქრება სამართლიანობის და უსაფრთხოების ყველანაირი შეგრძნება. ზუსტად ეს გახლავთ ხოცვა-ჟლეტის ფუნქციაც.
გენოციდი სხვადასხვა სახის მკვლელობას მოიცავს და საერთოდ, იგი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სასიკვდილო განაჩენის გამოტანაა. ეს არის ბოროტების ხორცშესხმა სამყაროში, სადაც ადამიანები უბრალო ნაწილაკებს წარმოადგენენ და სადაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ძალის მფლობელნი.
გენოციდი. და მაინც, არის იგი ტირანიის უმძაფრესი ფორმით გამოვლენა? აღარაფერია ამაზე საშინელი. გენოციდი მიზნად არც შიშის დათესვას ისახავს და არც დამორჩილებას, არც დამონებას და არც ჩაგვრას. იგი არ ანსხვავებს ქალს და კაცს, ბავშვს და მოზრდილს. მას არ გააჩნია მორალი და შეუწყნარებელია იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც ცხოვრებას აზრიანს ხდის და ადამიანებს მათ ხელშეუხებელ უფლებებს ანიჭებს. მისთვის მიუღებელია, რომ ადამიანებს შესაძლოა გააჩნდეთ სიცოცხლის ხელშეუხებელი უფლება. გენოციდი იმ სამყაროს წესია, სადაც ყველაფერი დაშვებულია და ნგრევის ის ფორმაა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. იგი ყველაფერს ბილწავს და ცხოვრებას ცინიზმად აქცევს. არაფერი რჩება სანუკვარი, ხელშეუხებელი, შეუბილწავი.

ეს შესაძლოა გენოციდის მოკლე განმარტებად გამოდგეს. მორალთან და ჰუმანურობასთან დაკავშირებულ კითხვებს, რომლებიც გენოციდის ფაქტთან ერთად გაჩნდა, შეუბრალებლად მივყავართ იქამდე, რომ გავარკვიოთ, ხომ არ ხდება ჰუმანურობის დაცემა და ბოროტების აღზევება. ცივილიზაცია, მთელი თავისი ღირსებებით გამოცდის წინაშე დააყენეს. ეს გარდაუვალია. მათთვის, ვინც გენოციდის საშინელებანი გამოიარეს, სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. და ზოგჯერ რა მცირე მანძილი აშორებს ცივილიზაციას ბარბაროსობისაგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1915 წლის მოვლენები შეფასებულია, როგორც გენოციდი გამოყენებული მეთოდების გამო, რისი შედეგიც სომხური მოსახლეობის გაჟლეტა იყო. კატასტროფის მასშტაბი და თვითონ გენოციდის ხასიათი შესაძლოა გასაგები გახდეს, თუ ჩავწვდებით თურქი მთავრობის იმ მიზნებს, რომელთაც ისინი ემსახურებოდნენ სომხების წინააღმდეგ განხორციელებული ამ სიმხეცის დროს.

გენოციდის ნებისმიერი მცდელობა ცივი გონებით არის მიმართული მოსახლეობის განადგურებისაკენ. სომხების წინააღმდეგ მიმართულმა ტოტალიტარულმა პოლიტიკამ ამ მიზანს გადააჭარბა. უფრო მეტიც, ოტომანთა იმპერიაში განხორციელებულ გენოციდს რამოდენიმე მიზანი ჰქონდა: რაც შეიძლება დიდი რაოდენობა მსხვერპლის და რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღება. გეგმის დანარჩენი ნაწილი პოლიტიკის დამატებით მიზნებს არ წარმოადგენდა. ის იმ პროცესის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელმაც ხალხი და მისი კულტურა დეგრადაციასა და მსხვერპლად შეწირვამდე მიიყვანა.

ერთხელ განხორციელებულ მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებას გარკვეულ ტერიტორიაზე მის ბიოლოგიურ მოსპობამდე მივყავართ.

ეს ისეთივე სიმართლეა სომხების გენოციდთან დაკავშირებით, როგორც ნებისმიერი სხვა, რადგან სომხეთმა, როგორც ისტორიულმა სახელმწიფომ შეწყვიტა ტერიტორიალური არსებობაც კი. სომხეთის, როგორც გეოგრაფიული ცნების, პირისაგან მიწისა აღგვა გეგმის ერთი ნაწილი იყო. მკვიდრ მოსახლეობას უნდა გააჩნდეს გარკვეული უფლებები და პრეტენზიები იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც იგი სახლობს. თურქებმა კი, 1915 წელს მიაღწიეს იმ წერტილს, როცა ისინი ვეღარ შეეგუებოდნენ ადგილის არსებობას, რომელსაც სომხეთი ერქვა.
და მაინც, პოლიტიკური შეურიგებლობა ვერ ხსნის სიმხეცის იმ მასშტაბებს, რომლებიც სომხების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. გენოციდის ბირთვი დეგრადაცია და დამცირებაა. 1915 წლის გენოციდი უზარმაზარი ძარცვითი ექსპედიციის ხასიათსაც ატარებდა, რომლის შედეგად ხალხის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი ქონება თურქებმა და ქურთებმა გაინაწილეს. ამ მასშტაბის ძარცვამ პროცესში ახალი კომპონენტი შემოიტანა და სომეხი მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე დატოვა.

და ბოლოს, გენოციდის ყველაზე საშინელი შედეგი იკვეთება მსხვერპლი ერის მიზანდასახულ გაუბადრუკებაში. გენოციდის დროს სამიზნე ჯგუფის ყველა ადამიანი სათითაოდ აწყდება გენოციდის სისასტიკეს და ასეთივე სისასტიკით ხდება მათ მიერ შექმნილი ეროვნული სიმდიდრის განადგურება. ერის კულტურის ასეთი განადგურება უმკვიდრებდა აგრესორებს ნადავლს, რაც კიდევ უფრო საიმედოს ხდიდა ერთ დროს ისტორიულ სომხეთში მცხოვრებთა არსებობის კვალის განადგურებას.

მომავალზე უარის თქმა არსებულის ნგრევის საშუალებით მოხერხდა და წარსულის აღმოფხვრით განმტკიცდა. გენოციდის ლოგიკა ასეთია: როცა არავინ რჩება ცოცხალი, აღარც სიკვდილის ფაქტი არსებობს და, რა თქმა უნდა ვერავინ შეძლებს ამის გახსენებას.

სომხების გენოციდის გამომწვევი მიზეზები

გენოციდის მიზეზებზე ფიქრი ბევრ შეკითხვას ბადებს. რამდენად დიდი უნდა იყოს მტრობა, რომ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა მეორის ცივსისხლიანი ხოცვა-ჟლეტა გამართოს? ზიზღის და უგულვებელყოფის რა დონეს შეუძლია მასობრივი ხოცვის მოთმენა? რა მიზეზი უნდა ქონდეს მთავრობას, რომელიც გენოციდს გეგმავს? როგორ მოხდა, რომ მსხვერპლნი ასე დაუცველები აღმოჩნდნენ? რატომ ფიქრობდა ვიღაც, რომ ისინი იმდენად უღირსნი იყვნენ, რომ სიცოცხლის უფლებაც არ ქონდათ?

მრავალ მიზეზთა შორის ორი ძირითადი ფაქტორი იკვეთება. პირველი ეხება სომეხთა სტატუსს და მეორე კი _ ოტომანთა პოლიტიკურ სისტემას. სანამ ეს ორი ერი ერთმანეთისაგან დაშორებით ცხოვრობდა, სიტუაცია მუდმივად დაძაბული იყო და აღინიშნებოდა თურქების უზენაესობა. ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში ორი არათანაბარუფლებიანი ერის არსებობა წინააღმდეგობას თესდა. ოტომანთა პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალური არათანაბარუფლებიანობა სომეხ ერს არ აძლევდა კოლექტიური ღირსების სრულად ჩამოყალიბების საშუალებას. სომხების წინაშე დადგა საკითხი: როდემდე გაგრძელდებოდა მათი არსებობა, როგორც ერის. თუ მეცხრამეტე საუკუნეში ეს იყო სომეხთა ძირითადი საზრუნავი, ჩნდება კითხვა-როგორ მოხდა, რომ სომეხი ხალხი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე იშვიათი შემგუებლობა და თვითგადარჩენისაკენ სწრაფვა გამოიჩინა ასეთი კრიზისის წინაშე დადგა?

ადრეულ ეპოქაში ხალხს ნაკლები თვითშეგნებით არ უცხოვრია და მაინც იდგნენ მსგავსი კრიზისის წინაშე. ათასზე მეტი წლის განმავლობაში, ყველა თაობამ რიგ-რიგობით ისწავლა ხელმოჭერილი ცხოვრება, რამაც გაუქრო ეროვნულობის და დამოუკიდებლობის აღდგენის უნარი. როგორი საზომითაც არ უნდა გაგეზომათ სომეხთა ბედი, იგი ერთი და იგივე უცვლელი რეალობით იწყებოდა და მთავრდებოდა _ ისინი დამონებულნი იყვნენ. როგორ მოხდა, რომ ერი, რომლის გმირმა დამცველებმა ამდენი მტერი მოიგერიეს, დაემორჩილა უცხო ტომს?
ქედის მოხრა

ერის ბედის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ზოგი ძლიერდება და რიცხობრივად იზრდება და ზოგი მცირერიცხოვნად რჩება, მაგრამ დაცულია. ბევრი აღმავლობას განიცდის, რასაც დაცემა მოყვება. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ერის ერთადერთ დამახასიათებელ ნიშნამდე დაყვანა. სომხებისათვის ეს გამძლეობა და სიმტკიცეა. მაგრამ მხოლოდ ეს ერის ისტორიას ვერ შექმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გამძლეობას გარკვეულად ხსნის კოლექტიური გადაწყვეტილება წინ აღუდგეს სრულ განადგურებას. რჩება კითხვა: როგორ იქცა ეს მთავარ ფასეულობად?

სომხების ყოფნა არ ყოფნის პრობლემები მეშვიდე საუკუნიდან დაიწყო. ისლამურმა რელიგიამ თავისი კანონწესები შემოიღო. ქრისტიანი სომხები წინააღმდეგობას უწევდნენ გარედან თავსმოხვეულ რელიგიებს, რაც გახლდათ შედეგი მათი ხანგრძლივი ბრძოლისა ირანის ზოროასტრიზმთან. ისლამიც ის მტერი იყო, რომელიც მათი ცხოვრების წესს დაემუქრა. მას შემდეგ, რაც ისლამი გაბატონდა, სომხები იძულებულნი იყვნენ, დამორჩილებოდნენ მუსულმან არაბებს. ისლამი შემწყნარებულად მიუდგა ქრისტიანობას და უფლება დართო ამ რელიგიის წარმომადგენლებს შეენარჩუნებინათ რწმენა. მაგრამ ისლამმა შემოიღო ურწმუნოთა ცნება, რომლებმაც ქვემდგომთა სტატუსი მიიღეს, რაც საბოლოო ჯამში გაბატონების ინსტრუმენტად იქცა.

მეთერთმეტე საუკუნეში უკვე თურქი სელჯუკების სხვა მუსლიმური ერი გამოჩნდა. ადრინდელი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, ეს ბატონობა ხანგრძლივი აღმოჩნდა. მონღოლების და თურქების შემდგომმა შეჭრამ და დაპყრობამ კი სრულიად გააცამტვერა სომხეთი. სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა და სომეხი ერი გაიფანტა სხვადასხვა ხალხებსა და ტომებს შორის. ისინი მთლიანად უცხო ტომთა ბატონობის ქვეშ აღმოჩნდნენ. დამარცხების ფასი ამჯერად უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ თავისუფლების დაკარგვა. მათ დაკარგეს თავისუფლების აღდგენის შესაძლებლობა და ამასთან ერთად დაიმარხა ოცნება, რომ ახლო მომავალში სომხები აღადგენდნენ ეროვნულ სუვერენიტეტს.

სომხების სოციალური ცხოვრების ასეთმა რღვევამ ისინი მთელ მსოფლიოში მიმოფანტა. მაგრამ ეს მიგრაცია ნებაყოფლობითი არ იყო. ათი ათასობით ადამიანი ძალით იქნა გადაადგილებული იმ მიზნით, რომ მომხდარიყო სომხეთის ტერიტორიის გათავისუფლება მკვიდრი მოსახლეობისაგან. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ოტომანთა იმპერიამ დასავლეთში და საფავიდელთა ირანმა აღმოსავლეთში დაიწყო სომხეთის დანაწევრება. იმ მიზნით, რომ მომხდარიყო მტრისათვის საკუთარი მიწების ხელიდან გამოცლა, სპარსეთის შაჰ-აბასმა ბრძანა, ცენტრალური სომხეთის ტერიტორიის გათავისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ეს მოხდა 1604 წელს. მკვიდრი მოსახლეობის მასიური გადაადგილებით მოხდა სომხეთის დემოგრაფიის დიდი ცვლილება, რაც მკვიდრი მოსახლეობისათვის სავალალო შედეგებით დასრულდა. სპარსელებმა, თურქებმა, ქურთებმა და სხვებმა დაიკავეს დაცარიელებული ადგილები და მთელ ქვეყანაში განსახლდნენ. სომხები, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ საკუთარ უძველეს ქალაქებსა და სოფლებში, ვერც წინააღმდეგობას უწევდნენ ამ პროცესს და ვერც უკან დააბრუნებდნენ მოვლენებს. ისინი განმარტოვებულები აღმოჩნდნენ, ხოლო ისტორიულად მათ მიწა-წყალზე კი სხვადასხვა ეროვნებები დასახლდნენ, რომელთა რელიგიაც ქრისტიანულისაგან სრულიად განსხვავდებოდა.

ძალაუფლების და უძლურების იერარქია

უზარმაზარი სირთულე, რომელიც მუდმივად თან ახლდა სომეხთა ბრძოლას გადარჩენისათვის, იყო მეთექვსმეტე საუკუნეში თურქების მიერ ლეგალურად ჩამოყალიბებული უზარმაზარი იმპერია, რომლის ცენტრი იყო კონსტანტინეპოლი. მათი ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა სომხეთის მიწების უმეტესი ნაწილი და ის ტერიტორიაც, სადაც სომხებმა დიასპორა შექმნეს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გახდა სხვა საკითხი, ვიდრე ოტომანთა იმპერიაში მცხოვრებ სომეხთა სტატუსი და პირობები. თურქები უფლებას აძლევდნენ არაისლამურ მოსახლეობას შეენარჩუნებინათ რელიგია, ენა და კულტურა, მაგრამ მაინც ხდებოდა საზოგადოების დაყოფა რწმენის მიხედვით. ქრისტიანები მეორეხარისხოვან მოსახლეობად, დაბალი სტატუსის მქონედ ითვლებოდნენ. ისინი დისკრიმინირებულნი იყვნენ და მათი ძირითადი უფლებებიც შელახული იყო. ეს განსაკუთრებით ეხებოდა იარაღის ტარებას, რისი უფლებაც არმუსლიმურ მოსახლეობას თავდაცვის მიზნითაც ეკრძალებოდა. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ასეთი დისკრიმინაცია ხალხს უარი უნდა ეთქვა საკუთარ რწმენასა და ეროვნებაზე.

ეს საკითხი სერიოზულ დილემად იქცა მათთვის, ვისაც არ უნდოდა საკუთარ პიროვნებაზე უარის თქმა. სომხები, რომლებმაც არ უარყვეს საკუთარი ეროვნულობა, რელიგია და კულტურა და რომლებიც უფრო მჭიდროდ იყვნენ მუსულმანებთან, ვიდრე იმპერიაში მცხოვრები სხვა ეროვნებები, განსაკუთრებული სიძულვილის საგნად იქცნენ. გადაწყვეტილება _ შეენარჩუნებინათ საკუთარი ეროვნულობა, თურქების აზრით ნიშნავდა მათ, როგორც დომინანტი კლასის მიმართ, დაუმორჩილებლობის გამოცხადებას. სომხებს უკვე ნეგატიურად აფასებდნენ და მათი არსებობა სოციალური სტრუქტურის შეურაცხმყოფლად აღიქმებოდა.

სომეხთა მეორეხარისხოვნება შემდგომში, როცა სხვა პრობლემებიც დაემატა, კიდევ უფრო გაძლიერდა. ოტომანთა იმპერიამ ისინი შეისრუტა, როგორც დამორჩილებული ხალხი. სომხებს არ გამოუცხადებიათ ომი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და არც მცდელობა ქონიათ დაეცვათ საკუთარი თავი შემდგომი დამორჩილებისაგან. ოტომანთა თურქების თვალში ისინი ითვლებოდნენ როგორც სახელმწიფოს არმქონე ხალხი და არა როგორც დამარცხებულნი. არც არავინ თვლიდა სომხებს ღირსად, რომ მათთან რაიმე სახის მოლაპარაკება გაემართათ. ოტომანური სისტემის იერარქიაში, სადაც მთელი ძალაუფლების თურქთა ხელში კონცენტრაცია მოხდა, სომხები მხოლოდ მუშა ძალად ირიცხებოდენ. უფრო მეტიც, სამხედროების მართვის ქვეშ მყოფ საზოგადოებაში მიიჩნევდნენ, რომ სომეხთა მომსახურების ანაზღაურებაც კი არ იყო აუცილებელი.

საკითხი, რომ ეს სისტემა სადაო ყოფილიყო ან შეცვლილიყო, არავის-არც სომხებს და არც ოტომანებს არც კი განუხილავთ. ოტომანური სახელმწიფოს ძლიერებამ წინასწარ დაუსვა წერტილი ცვლილების შესახებ რაიმე სჯა-ბაასს. მაგრამ შეიცვალა დამოკიდებულება თურქებსა და სომხებს შორის, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული დაძაბულობა.

და მაინც, სომხებმა დიდი ნაბიჯები გადადგეს ოტომანთა იმპერიაში. იმპერიის მასშტაბების გათვალისწინებით, მცირერიცხოვნების მიუხედავად, სომხებმა შეძლეს დიდი ეკონომიკური როლის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ უფლება ქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ კომერცია, შეძენილი სიმდიდრე არანაირად არ ცვლიდა მათ სტატუსს. ვინაიდან ხდებოდა ამ სტატუსის სისტემატური განსაზღვრა, მათ უფლება არ ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი რჩებოდნენ იმ რელიგიური და ეთნიკური ერთიანობის მიღმა, რომელსაც ეს უფლება გააჩნდა. ასე რომ, სიმდიდრე, რომელიც მათ ეკონომიკური საქმიანობის წარმატებით მართვამ მოუტანა, ისინი აქცია სიძულვილის ობიექტებად, რასაც კიდევ უფრო აძლიერებდა შური და ეჭვი.

მიუხედავად მეორეხარისხოვანი როლისა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდებოდა და დამონებულის ფსიქოლოგიისა, მეცხრამეტე საუკუნისათვის სომეხთა უჩვეულო აღორძინება დაიწყეს. ამ მოვლენაში დიდი როლი ითამაშა სომეხთა შუამავლობამ დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთში ვაჭრობის გაფართოების საქმეში. აღორძინდა რა სომეხთა ერთობა, კვლავ გაიღვიძა კოლექტიური ბედის ქვეშ არსებობის გრძნობამ. საუკუნეების მანძილზე ჩაგრულ სომხებს გაუჩნდათ ახალი ენერგია. დაიწყო შემოქმედებითი აღზევება და სულ უფრო და უფრო მეტი სომეხს შეჰქონდა თავისი წვლილი მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში. ცოდნა-გამოცდილების გადაცემა იმ რწმენის გარკვეული გამოცდა გახდა, რომლითაც სომხები აქამდე ცხოვრობდნენ. და როცა მოხდა მათი ერთობის არსებობის სივრცეში ახალი ინტელექტუალური მოთხოვნების შეჭრა, ერის ბედის და სტატუსის გადაფასების დაწყება არც თუ ისე შორეული მოვლენა აღმოჩნდა.

მოლოდინთა კოლიზიები

ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა კითხვებიც გაჩნდა. რა გავლენა იქონია ეკონომიკურ-სოციალურმა აღმავლობამ სომეხი ერთობის მისწრაფებებზე? როგორ შეხვდა თურქი საზოგადოება სომეხთა აღმავლობას? რა იმედები გაუჩნდათ სომხებს და რა მოთხოვნები წაუყენეს საკუთარ თავს, რათა გაეუმჯობესებინათ საკუთარი პირობები და გამოსულიყვნენ მსახურის როლიდან? რატომ გამოიწვია ამ მოთხოვნებმა მტრული დამოკიდებულება?
თუკი არსებობდა სიმბიოზი თურქებსა და სომხებს შორის ოტომანთა იმპერიაში, მეცხრამეტე საუკუნეში მან რღვევა დაიწყო. როგორც კი გაქრა სომხების თურქებზე დამოკიდებულება, ყველა ძველი აზრი და ენდემიური სიძულვილი იქცა ეჭვის წყაროდ, რომელიც კვებავდა სომხების გაუცხოებას და თურქების ანტაგონიზმს, რაც დიდ უბედურებას მოასწავებდა.

ხუთი ისტორიული ტრანსფორმაციის მანძილზე შეინიშნება სპირალური ეფექტი, რამაც აიძულა ოტომანთა იმპერია გადაეხედა საკუთარი სისტემა, რადგან ამავე პერიოდში სომეხი ერი, თვითგამორკვევის პროცესში იმყოფებოდა. სურვილის უქონლობამ თურქების მხრიდან, მიეღოთ ცვლილებები, რომლებიც მათ სამყაროში ხდებოდა, ხოლო სომხების მხრიდან მონდომებამ მთლიანად მიეღოთ ახალი ეპოქის ყველა სიკეთე, საწყისი მისცა ახალ ეტაპს, რომელიც დატვირთული იყო ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით სომხების სტატუსთან დაკავშირებით. ექნებოდათ თუ არა მათ მოქალაქეების ყველა უფლება? მოუწევდათ თუ არა სოციალური და პოლიტიკური უფლებების განსხვავებული ჩარჩოებით ჩამოყალიბება? მთავარი კითხვა კი იყო: ცნობდნენ თუ არა თურქები სომხებს თანაბარუფლებიან ერად? სახელმწიფოში, რომელიც ტრიუმფალური შენების შედეგი იყო, და რომლის სათავეში აბსოლუტური ხელისუფლების მპყრობელი დინასტია იდგა, ამ საკითხის გადაწყვეტა დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ისიც გასააზრებელია, არსებობდა თუ არა აზრი, რომ არამუსულმანური უმცირესობის მიმართ გამომუშავებული ყოფილიყო განსხვავებული მიდგომა და არა მიდგომა, როგორც დამორჩილებული მოსახლეობის მომნანიებელი ნაწილის მიმართ.

მეცხრამეტე საუკუნის ოტომანთა იმპერიის ტერიტორიულმა ცვლიბებმა, რაც გახლდათ მისი სამხედრო ძლიერების შესუსტების შედეგი, გაზარდა შიშის შეგრძნება მმართველ წრეებში. იმპერია რამოდენიმეჯერ გადაურჩა გარე შემოსევებს. 1914 წელს ოტომანი თურქები გაძევებულნი იქნენ ძველ ადგილებში, ახლო აღმოსავლეთში. საბოლოო გადანაწილებამ შედეგად ოტომანთა სახელმწიფოს სახეცვლილება გამოიწვია. ევროპული და ხმელთაშუა ზღვის კოლონიების გარეშე მან დაკარგა კოსმოპოლიტური ხასიათი და შეუერთდა მსოფლიოს იმ ნაწილს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსულმანები იყვნენ. დარჩა მხოლოდ ორი კონფესია, რომელთა მიმდევარი უმცირესობა იყო: სომხები და ბერძნები. მათ თავი მოიყარეს მცირე აზიაში, იმპერიის ნაწილში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული თურქებით.

ბერძნებს უკვე შექმნილი ქონდათ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო. სულ უფრო და უფრო მტკივნეულად დგებოდა კითხვა: როდემდე ჩაითველბოდნენ სომხები ოტომანთა იმპერიის ნაწილად?

მეორე, ოტომანთა დაღმასვლა და ეთნოგრაფიული ცვლა დაემთხვა ისეთი ევროპული სახელმწიფოების გაძლიერებას, როგორებიცაა ინგლისი, ავსტრია და რუსეთი. ყველა ეს სახელმწიფო გავლენის სფეროების მოპოვებას ცდილობდა. პოლიტიკური გავლენის მოპოვების გარდა, ევროპელები ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკაშიც ერეოდნენ. ამ პროცესით სომხებმა გარკვეული მოგება ნახეს, როგორც შუაკაცებმა, რამაც გააძლიერა მათი საქმიანი კლასის ევროპულ კულტურასთან დაახლოება, რაც შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა სომხებმა თხოვნით მიმართეს ქრისტიანულ ძალებს, შეემსუბუქებინათ სომეხი გლეხების ხვედრი და განსაკუთრებით მათი, ვინც ისტორიული სომხეთის მოცილებულ ტერიტორიაზე სახლობდა, ქურთი ტომების მოწყალებით ირჩენდა თავს და მუდმივ შეურაცხყოფას განიცდიდა კორუმპირებული პირებისაგან, რომლებიც შემთხვევას არ უშვებდნენ, რომ ხარკი არ შეეწირათ მათთვის. ევროპელთა შეპირებებმა, გაეტარებინათ რეფორმები სომხეთის პროვინციებში, როგორც ითვალისწინებდა 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულება, გამოიწვია ის, რომ სომხებს უყურებდნენ, როგორც არასაიმედო მოსახლეობას, რომელიც ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღებას ევროპული ქრისტიანული ძალების დახმარების საშუალებით თურქების ხარჯზე. იმ დროს, როცა ისლამს, მის კულტურას და გავლენას საშიშროება ევროპიდან დაემუქრა, თურქებსა და სომხებს შორის არსებული უფსკრულიც გაიზარდა.
მესამე, ორი ერის ფასეულობებს შორის განსხვავება, რომელიც მათ აცალკევებდა, თავმოყრილი იყო იმ რეფორმებში, რომლის გატარებაც ოტომან თურქებს მოთხოვეს ევროპელებმა მეცხრამეტე საუკუნის შუაში, რათა აღედგინათ შესუსტებული სამთავრობო სისტემა. 1839 და 1856 წლების რეფომები მრავალ დაპირებას შეიცავდა ოტომანთა იმპერიის შიდა პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, რაც, ძირითადად ყველა მოქალაქისათვის თანაბარი უფლებების მინიჭებასა და ქრისტიანებისათვის, რომლებიც წლების მანძილზე იჩაგრებოდნენ სახელმწიფო იურიდიული სისტემის გამო, სამართლებრივ დაცვას გულისხმობდა. სანამ რეფორმა, რომელსაც უამრავი ცვლილებები უნდა შეეტანა სახელმწიფო სამართლის კოდექსში დაიხვეწებოდა, ნაწილობრივ სრულდებოდა მისი გარკვეული მუხლები. თურქი მოსახლეობა, რომელთაც არ უნდოდათ ქრისტიანების თანაბარუფლებიანობის აღიარება, წინასწარგანწყობილი იყო დაეჯერებინა, რომ ევროპული და ქვეყნის შიგნით არსებული ქრისტიანული ძალები შეთქმულებას აწყობდნენ მათზე ძალაუფლების მოპოვებისათვის. რეფორმის პროგრამა კიდევ უფრო ზრდიდა დაძაბულობას, რადგან არც სომეხთა იმედები გამართლდა და ვერც თურქები უწევდნენ წინააღმდეგობას ევროპის გავლენის ზრდას მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების გამო.

მეოთხე, სიტუაცია უფრო დაამძიმა იმან, რომ თუ აქამდე არსებობდა ეჭვი და წინასწარგანწყობა, რომ ყველაზე საშიში ევროპული ძალები კრიტიკულ მანძილზე მიუახლოვდნენ ოტომანთა იმპერიას, ამას დაემატა შეურიგებლობა თურქების მხრიდან. ოტომანთა იმპერიას და რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები ქონდათ სომხეთის მიწებზე. 1828-29 წლებში რუსეთის მიერ კავკასიის ტერიტორიების დაპყრობამ ისტორიული სომხეთის ახალი დაყოფა გამოიწვია, რამაც სომეხი მოსახლეობა საზღვრის ორ მხარეს მოაქცია, რის გამოც ომების უმეტესი ნაწილი 1853-56 და 1877-78 წლებზე მოდის. ამან ახალი სირთულეები შეუქმნა სომხებს. თურქებს ისინი რუსებს ამჯობინებდნენ. სომხების პრობლემებს ოტომანთა იმპერიაში რუსები მაინც ვერ გადაწყვეტდნენ. რუსების გეგმები, გაეტარებინათ რეფორმები სომხეთის პროვინციებში, თურქეთის პრობლემებს ზრდიდა.

ზოგადად, იმპერია წინააღმდეგი იყო ასეთი რეფორმების. განსაკუთრებით, უმცირესობის დისკრიმინაციის შესახებ. ისინი თვლიდნენ, რომ ამით რუსეთი და ევროპის სახელმწიფოები მათ სუვერენულ უფლებებს არღვევდნენ. თურქები ასევე შიშობდნენ, რომ რეფორმა გაზრდიდა მოსახლეობაში ევროპული ძალების გავლენას და თურქების მხრიდან ნებისმიერი დათმობა გზას გაკვალავდა ევროპის და რუსეთის გავლენის შემდგომ ზრდას. თვითონ რეფორმების გატარების პროცესი, ძირითადად პოლიტიკური ზეწოლით შემოიფარგლებოდა, და თუკი პროცესი წარმატებით არ დამთავრდებოდა, მოსახლეობა, რომელიც ამას მხარს უჭერდა, მაგრამ არანაირი უფლებები არ გააჩნდა მონაწილეობის მისაღებად, გარკვეული რისკის წინ დადგებოდა. 1878 წელს, ბერლინში, შეიმუშავეს პირველი ადმინისტრაციული რეფორმის ის ნაწილი, რომელიც სომხებით დასახლებულ ადგილებს ეხებოდა. რეფორმის ბოლო ნაწილი ძალაში 1914 წელს უნდა შესულიყო. ორივე რეფორმა რუსეთის ძალისხმევით იქნა მიღებული, რომლებსაც თურქები ყველაზე მეტად არ ენდობოდნენ.

მეხუთე, სომხებისათვის საშიშროება გრძელდებოდა, ვინაიდან ცვლილებების შედეგად ისინი დასახლებულნი აღმოჩნდებოდნენ კონფლიქტის ზონაში და ეს საშიშროება საკმაოდ შემაშფოთებელი იყო, რადგან საჭირო გახდა სომხების დარწმუნება და მათი მობილიზაცია ძირითადი უფლებების დასაცავად. სომხური ნაციონალიზმის განვითარებამ ბევრი სომეხის სისტემისაგან გაუცხოება გამოიწვია, რადგან ამ სისტემამ ვერ მოახერხა სომეხთა მოლოდინის გამართლება. პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ, რომლებიც მოუწოდებდნენ ფუნდამეტალური ცვლილებებისაკენ, ძირეულად შეცვალა სომეხთა როლი ოტომანთა იმპერიაში. სომხები აღმოჩნდნენ ცვლილებების მოსურნეთა პირველ რიგებში. პროპაგანდას უკეთებდნენ რა ცვლილებებს რეფორმების მხარდაჭერის გზით, და მოუწოდებდნენ უმცირესობის ინტერესების პატივისცემისაკენ, გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის სახეცვლილების პროცესში. კოლექტიური ცნობიერების ეს მზარდი პროცესი სომხებს პოლიტიკური ცვლილებების შემსრულებლადაც სახავდა იმ საზოგადოებაში, რომელიც დიდ კრიზისს განიცდიდა. ასე რომ სომხების და თურქების პოლიტიკური აზროვნების არასრულფასოვნებამ, რომლებიც სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა გარე ფაქტორების და შიდა ცვლილებების გამო, ოტომანთა იმპერიის მმართველი წრეების მტრული განწყობის წყარო გახდა. და ამიტომაც, მოულოდნელად იმპერიის საპასუხო ნაბიჯი სომხური პრობლემის გადაჭრის მიზნით მასიურ ძალმომრეობაში გადაიზარდა.

როცა სიმხეცე პოლიტიკად იქცა

რატომ გაუარესდა სიტუაცია სომხებისათვის ასე სწრაფად? რატომ მოხდა, რომ მაშინ, როცა პროგრესმა განვითარება დაიწყო, გაიზარდა დაძაბულობა? რატომ მიიღო თურქთა რეაქციამ მასობრივი მკვლელობების სახე? რას შეიძლებოდა გამოეწვია მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალოდ ხოცვამ მშვიდობიან დროს?
ოტომანთა იმპერიაში მიმდინარე ხანგრძლივი კრიზისის მიმართ არსებობს სამი რეაქცია: ავტოკრატული, პოპულარული და დიქტატორული. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს სულთანი აბდულ ჰამიდ II (1876-1909) ცდილობდა შეენარჩუნება იმპერია მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში გაერთიანებით და ოტომანთა მმართველობა რეპრესიულ ავტოკრატიად გადაექცია. მან უარი განაცხადა რეფორმის განხორციელებაზე და ნაციონალიზმის გამოვლენებსაც დაუწყო დევნა. 1877 წელს გააუქმა ერთი წლის წინ მიღებული კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნა წარმომადგენლობითი საპარლამენტო მთავრობა. ისევე, როგორც ალექსანდრე II-ემ (1881-1894) რუსეთში, აბდულ ჰამიდის რეაქციულმა მთავრობამ გაამწვავა კონფლიქტი კონსერვატიულ და ლიბერალურ მხარეებს შორის. სომხებისათვის მისი მმართველობა მძიმე ხანა იყო, რადგან უარი მიიღეს უმცირესობის სურვილების გათვალისწინებაზე, სიცოცხლის და ქონების დაცვაზე, თანაბარ უფლებებზე და მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციის შეწყვეტაზე.

ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად განიცდიდა სირთულეებს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მოცილებულ, ანარქიულ მდგომარეობაში მყოფი პროვინციების მოსახლეობა იყო. ეს ის ადგილები იყო, სადაც მთავრობა ვერ და არ აკონტროლებდა სომხების დარბევას ქურთების მიერ. სომეხი გლეხობა სიღარიბეში იმყოფებოდა, იზრდებოდა გადასახადები, სულ უფრო და უფრო კორუმპირებული ხდებოდა ადგილობრივი მმართველობა და წინააღმდეგობის გაწევის არანაირი საშუალება არ არსებობდა. სომხებს საკუთარი მიწებიდან ასახლებდნენ. ამ ფაქტორებმა განაპირობა სომეხთა პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომლის მიზანი იყო სომეხი მოსახლეობის საკუთარ ტერიტორიაზე დაცვა, არსებული, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგობის გაწევა უკეთესი ცვლილებების მოთხოვნით და ეროვნული იდეოლოგიის პროპაგანდა. ეს მოძრაობა დიდ დახმარებას უწევდა დაუცველ გლეხ მოსახლეობას. სომხეთის სოციალ-დემოკრატული პარტიის (ჰნჩაკი) და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (დაშნაკთსუთუნი), რომლებიც 1887 და 1890 წლებში ჩამოყალიბდა, მოძღვრებანი ძირითადად გლეხების ბედ-იღბალზე და ყოველგვარი კანონების უგულებელმყოფელი მთავრობისაგან, მათ დაცვაზე ამახვილებდა ყურადღებას.

აბდულ ჰამიდმა 1894-96 წლებში გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტით ნათლად გამოხატა, თუ როგორ აპირებდა დაუმორჩილებელი უმცირესობის და მათი მანიფესტაციების დათრგუნვას. ტერორი სასუნის ხოცვით დაიწყო 1894 წელს, რასაც შემდეგი დარბევები მოყვა კონსტანტინოპოლში, 1895 წელს და მოედო მთელ იმპერიას: ტრაბზონს, ურფას, არზრუმს და სივას. დახოცილთა რიცხვი 100 000-დან 300 000-მდე იყო. სომხური ქალაქები, სოფლები და მიმდებარე ტერიტორიეი ორგანიზებული კრიმინალების (მაფიის) ან ქურთული ბანდების მიერ იქნა გაჩანაგებულ-დაცარიელებული. ათი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ბევრი სომეხი ძალის გამოყენებით მუსულმანად მოაქციეს. სომხური მოსახლეობა შედრკა და შეშინდა, ევროპის სახელმწიფოების მიერ გამოხატული პროტესტი არაეფექტური აღმოჩნდა. სულთანი არც აპირებდა თავის განზრახვაზე ხელის აღებას.

მაინც რა მიზნები ამოძრავებდა აბდულ-ჰამიდს? მისი პირველი მიზანი იყო უკიდურესი ძალმომრეობით მოეხდინა ზეწოლა სომეხ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნდათ იმედი, რომ ოტომანთა იმპერიაში ცვლილებებს ექნებოდა ადგილი. მისი მეორე მიზანი სომეხთა დაშინება იყო ისეთი მხეცური მეთოდებით, რომ ამის შემდეგ მათ ყველანაირ თანასწორუფლებიანობაზე ფიქრისათვის თავი დაენებებინათ. მესამე მიზანი სომეხთა ეკონომიური სიძლიერის ძირისგამოთხრა იყო, რადგან ამ ერის სოციალურმა პროგრესმა რეჟიმის მომხრე თურქი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. მეოთხე მიზანი სომხებისათვის დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება გახლდათ მათი დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურების გზით. მეხუთე _ უნდოდა მოეხდინა ავტოკრატიის სიძლიერის, მთავრობის ნებისმიერ კანონზე მაღლა დგომის და მისი მზადყოფნის დემონსტრირება, გამოეყენებინა ტირანიის ნებისმიერი საშუალება საკუთარი რეჟიმის და სახელმწიფოს გასაძლიერებლად. მეექვსე-უნდოდა ეჩვენებინა ევროპული ძალებისათვის საკუთარი რეჟიმის ძალა და მისი მზადყოფნა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მსხვერპლად გაეღო მოსახლეობა.

ეს მიზნები იყო ჩადებული გენოციდში. თავი რომ დავანებოთ მიზნებს, ამ ხოცვა-ჟლეტამ გამოავლინა ყველა ნაკლი ოტომანთა იმპერიისა, სადაც სტატუსი მკვეთრად განსაზღვრული იყო და უმცირესობას მხოლოდ იტანდნენ. სულთანმა ნათლად დაანახა თურქებს და სომხებს, რომ მამობრივ ზრუნვას ბოლო მოეღო. კონსერვატორ თურქებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ რეჟიმს, მოქმედების სურლი თავისუფლება ქონდათ, მონარქის ნებართვით, გაენადგურებინათ მოსახლეობა, რომელიც არ იქცეოდა მათი სურვილისამებრ. სომეხი მოსახლეობა აღმოჩნდა მთლიანად დაუცველი, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი უმცირესი უფლებებიც კი დაეცვა საკუთარი სიცოცხლე და ქონება. სულთანის ტირანიამ ოტომანთა იმპერიის სოციალურ დინამიკაში ახალი ელემენტი შემოიტანა.
მხეცური ხოცვა-ჟლეტა მთავრობის მეთოდად იქნა აღიარებული, როგორც რეპრესიის საშუალება და როგორც მისაღები პოლიტიკა მოსახლეობასთან მიმართებაში.

სომეხი მოსახლეობა ერთადერთი დაჩაგრული ერი არ იყო ამ დროს. იგი იმ დღის მოლოდინში იყო, როცა ტირანს ტახტიდან ჩამოაგდებდნენ. რეფორმის მომხრე თურქებმა, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს, ჰამედის ავტოკრატიისაგან დაეხსნათ ქვეყანა. 1908 წელს სულთანის საკუთარმა არმიამ დაამხო რეჟიმი და აღადგინა ადრე მიღებული კონსტიტუცია. ესენი იყვნენ ახალგაზრდა თურქები. მათ შორის იყო ერთობის და პროგრესის კომიტეტი, რომელიც ყველაზე ორგანიზებულ და მტკიცე ჯგუფად ითვლებოდა. ოტომანთა იმპერიაში მივიდნენ კონსესუსამდე, რომ აუცილებელი იყო რეფორმების გატარება, რათა უკეთესი შედეგებისათვის მიეღწიათ. მოიწვიეს პარლამენტი და უმცირესობას მიცეს მონაწილეობის მიღების ნება. საშუალებამ _ ყოფილიყვნენ თანასწორუფლებიანები, სომეხთა დამოკიდებულების ცვლილებანი გამოიწვია. პარლამენტში მონაწილეობა და არა ოპოზიციაში ყოფნა გახდა სომხების პოლიტიკური პარტიების ხაზი. შერიგების ეს პერიოდი ერთ წლამდე გაგრძელდა და შემდგომმა ხოცვა-ჟლეტამ უცაბედი დასასრული მოუტანა. 1909 წლის აპრილში სომეხთა ხოცვა სილისიაში სრულიად არ შეეფერებოდა ახალი მთავრობის კურსს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პერიოდი, როცა აბდულ-ჰამიდი თავისი რეჟიმის აღდგენას ცდილობდა, იმის მიმანიშნებლებიც არსებობდა, რომ ახალგაზრდა თურქები იღებდნენ მონაწილეობას ამ ვაკხანალიაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტის აღმოჩენა, რომ მიუხედავად ყველანაირი ცვლილებებისა, ოტომანთა იმპერიაში სომხები მაინც დაუცველ მოსახლეობად რჩებოდა. როცა 1913 წელს, ერთიანობის და პროგრესის რადიკალურმა ელემენტებმა სამხედრო გადატრიალების გზით, ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, სომეხთა ბედიც მაშინ გადაწყდა. ეს იყო ბალყარეთი ომების შემდეგ, რასაც შედეგად ოტომანთა იმპერიის მიწების შემდგომი დაკარგვა მოყვა. თავის საიდუმლო შეხვედრებზე, კომიტეტმა გადაწყვიტა, გაენადგურებინა იმპერიაში მცხოვრები სომხები.
როგორ მოხდა, რომ პოლიტიკური ავანგარდი, რომელიც 1908 წელს დემოკრატიას, ძმობას და თანაბარუფლებიანობას იცავდა, ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა 1913 წელს? პასუხი ასეთია: ახალგაზრდა თურქი რადიკალები, რომლებიც სათავეში აღმოჩნდნენ, არანაირად არ აკონტროლებდნენ ამბიციებს მრავალეროვანი იმპერიის მართვის საკითხებში. ისინი ატარებდნენ იდეოლოგიას, რომელიც ოტომანთა იმპერიის აბსოლუტურად თურქულეროვან სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა და ხაზს უსვამდა, რომ ეკონომიკის ყველა სფერო თურქების მიერ უნდა გაკონტროლებულიყო. ისინი პირდაპირ არ აღიარებდნენ, რომ იმპერია სრულიად უპირისპირდებოდა ეროვნული სახელმწიფოს თანამედროვე ცნებას, სადაც პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება სრულ ჰარმონიაში უნდა არსებობდეს. ახალგაზრდა თურქების მიზანი იყო მრავალეროვანი სახელმწიფო ერთეროვნად ექციათ. რა თქმა უნდა, ასეთ სახელმწიფოში სომხებისათვის ადგილი არ მოიძებნებოდა.

უფრო მეტიც, მათი რეჟიმი ეთნიკური პრობლემების მიმართ მტრული განწყობით გამოირჩეოდა. ასეთი განწყობა სუფევდა თურქთა პოლიტიკურ დაჯგუფებებში, რომლებიც მხარს უჭერდნენ პარლამენტის წარმომადგენლობით სისტემას და დემოკრატიას. იდეოლოგიური ბზარი სომხებსა და თურქებს შორის სულ უფრო იზრდებოდა. სომხებმა შექმნეს სოლიდური სოციალური საფუძველი საპარლამენტო მთავრობის მხარდასაჭერად, რომელმაც ხმის უფლება მისცა უმცირესობას პროპორციული წარმომადგენლობითი პრინციპების შემოტანით. ახალგაზრდა თურქები კი ცდილობდნენ ძალაუფლების კონცენტრაციას თავის ხელში, სხვების გაძევებით. ქვეყნის რეორგანიზაციის მათი მეთოდები ძლიერ წააგავდა პრო-ფაშისტურ რეჟიმს, სადაც ძალაუფლება მთლიანად იყო თავმოყრილი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მცირერიცხოვან ჯგუფში. ახალგაზრდა თურქებიც თავის ინსტიტუტებს კომიტეტის ექსტრა-ლეგალური გადაწყვეტილებების განსახორციელებლად იყენებდნენ.

ახალგაზრდა თურქთა ამბიციები მათ თავდაპირველ მიზნებს გაცდა. დასაწყისშივე მათი სურვილი უზარმაზარი იმპერიის შექმნა იყო, რომელიც ცენტრალურ აზიამდე გაშლიდა ფრთებს. ეს იდეა ცნობილი გახდა, როგორც პან-თურქიზმი. მათ საკუთარ იდეოლოგიაში მილიტარიზმი გააერთიანეს, რომელიც იმ დროის მოგონებებს ელოლიავებოდა, როცა თურქები დამპყრობელ ტომებს წარმოადგენდნენ. დაიწყეს ომის მანქანის შენება, რომელიც მათ ამბიციებს დააკმაყოფილებდა და მოკავშირეც იპოვეს იმპერიალისტური გერმანიის სახი, რომელიც იარაღით მოამარაგებდა და დააფინანსებდა დამპყრობლური მიზნების შესასრულებლად. და კიდევ ერთხელ, ფრთაგაშლილი იმპერიის სურათიდან კვლავ ამოვარდა სომეხი ერი, როგორც ერთადერთი ქრისტიანი მოსახლეობა, რომლის გეოგრაფიულ რუქაზე არსებობა არანაირად არ ეთანხმებოდა თურქების იდეალს, ელაპარაკათ მხოლოდ თურქულად და ეწამათ მხოლოდ ისლამი.

და ბოლოს, ახალგაზრდა თურქებს არ უნდოდათ მოცდა, ვიდრე შეიქმნებოდა ხელსაყრელი პირობები მათი პოლიტიკური პრინციპების განსაზღვრისათვის. ისინი ელოდებოდნენ შემთხვევას, დაეწყოთ საკუთარი გეგმების განხორციელება. ასეთმა შემთხვევამაც არ დააყოვნა და 1914 წელს ევროპა ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში. სამკუთხედმა, რომელიც ამ დროისათვის იმპერიას განაგებდა, ენვერმა, თალაათმა და ჯემალმა, საკუთარი ქვეყანა კონფლიქტში ჩააბეს. გადაწყვიტეს რა, განესაზღვრათ ომის ბედი, მათ საკუთარი ძალები კავკასიაში რუსეთის და სპარსეთის წინააღმდეგ გამოიყვანეს. ეს იყო სურვილი, დაეწყოთ ახალი იმპერიის შექმნის ოცნებების შესრულება.
პირველი წარმატების შემდეგ ენვერმა, რომელიც ომის მინისტრი იყო, და რომელიც უძღვებოდა ამ მოვლენებს, სერიოზული დამარცხება იგემა სარიკამიშთან 1914 წლის დეკემბერში. თურქების საბრძოლო ქმედებანი უეცრად დასრულდა. მოსინჯვა რა თავი საგარეო ამბიციებში, სამკუთხედი შეუდგა თავისი გეგმების განხორციელებას ქვეყნის შიგნით.

გენოციდი

ყველა სიკვდილით იყო ნიშანდებული. გარჩევა არ იყო. ოტომანთა იმპერიის ახალგაზრდა თურქთა მთავრობამ ყველა სომეხს სიკვდილი გამოუწერა. გეგმის ლოგიკურმა გათვლებმა, გაენადგურებინათ სომხები, არცერთი დეტალი არ დატოვა ყურადღების გარეშე.

გატარებული იქნა ღონისძიებები, მინიმუმამდე დაეყვანათ წინააღმდეგობა და მაქსიმუმამდე გაეზარდათ მსხვერპლთა რაოდენობა. ორგანიზება გაუკეთდა მკვლელობებს, შემუშავებულ იქნა თანმიმდევრულ ქმედებათა ჯაჭვი, რათა უზრუნველყოთ ბრძანებების სისრულეში მოყვანა, ცრუ ფრაზათა მთელი ლექსიკონი, რომ შეცდომაში შეეყვანათ მსხვერპლნი, ეუფემიზმის ლექსიკონი, რომ უარყოფის საშუალება ქონოდათ, დაიწყო თურქი მოსახლეობის პროპაგანდა და აგიტაცია და სხვა მრავალრიცხოვანი ღონისძიებები, რაც სასურველი შედეგის მიღწევას განაპირობებდა. ყველაფერი ადასტურებდა, რომ სომხების საკითხი პირველ რიგში გადასაწყვეტი იყო. შემუშავებული იქნა უზარმაზარი გეგმა, რომელიც განადგურებით ემუქრებოდა იმპერიის ყველა სომეხ მოქალაქეს.
ძნელია, დაიწყო ამ საკითხების განხილვა ისე, რომ ყურადღება არ მიაქციო დეტალურ საბუთებს, რომლებიც ამ სატანურ გეგმას ააშკარავებს. მაგრამ ეს მაინც მომავლისათვის გადავდოთ. აქ კი საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ თალაათმა, საშინაო საქმეთა მინისტრმა, უხელმძღვანელა ამ გეგმას და გამოიყენა იმპერიის ყველა რესურსი, რათა განეხორციელებინა სომეხთა გენოციდი.

ქაღალდზე დაწერილი გეგმა მან მეთოდურ მკვლელობათა უწყვეტ კამპანიად აქცია. თუკი ვინმეა მეოცე საუკუნეში, რომელზეც შესაძლოა ითქვას, რომ წარმოაჩინა გენოციდი, როგორც სატანური ქმედების უმაღლესი დონე და მთელი საზოგადოების გამანადგურებელი, ეს თალაათია. მისი ბრძანებით დაიწყო ომი სომხების წინააღმდეგ. როგორც საერთოდ ხდება, მომზადდა ომის წინა კამპანიები. სახელმწიფოში იყო მტერი და მშვიდად მყოფი, არაფერში დაეჭვებული მოქალაქეები. ეჭვი იმდენად არაფერში არ ეპარებოდათ, რომ უმეტესობა მთავრობის ბრძანებას, გამოცხადებულიყვნენ სასჯელის აღსასრულებლად, დაემორჩილა.

ბრძანების აღსრულება

როცა 1914 წლის ზაფხულში, ოტომანთა ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა, გაწვევის ასაკის მქონე სომხებიც იქნენ სიაში შეტანილი. ათი ათასობით ადამიანი გამოეწყო ოტომანთა იმპერიის სამხედრო ფორმაში. როცა ომის ბედმა ზურგი აქცია თურქებს, იმპერიის უმაღლესმა მთავარსარდლობამ რისხვა შეიარაღებულ სომხებზე გადაიტანა. ვინაიდან ომი სომხების წინააღმდეგ გაუცხადებელი და საიდუმლო იყო, პირველ სამიზნე ჯგუფად შეიარაღებული სომეხი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ. მათი თავიდან მოცილება მაქსიმალურად აუცილებელი იყო, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა გეგმის განხორციელებისათვის, საშიშროებას არ წარმოადგენდა. განიარაღებული და შრომით ბატალიონებში განაწილებული სომეხი ჯარისკაცები გენოციდის პირველი მსხვერპლნი გახდნენ. ხელებშებორკილი ჯარისკაცები გადაიყვანეს ბანაკიდან მოშორებით და დახვრიტეს. სანამ ვინმე გაიაზრებდა მთავრობის განზრახვას, ოტომანთა იმპერიამ გენოციდის პირველი ეტაპი ჩაატარა.
 
იმდენად, რამდენადაც ინფორმაცია მხედური ხოცვა-ჟლეტის შესახებ ემთხვევა ოტომანთა იმპერიის მიერ წარმოებულ კამპანიას აღმოსავლეთ ფრონტზე ომის დაწყების პირველი დღიდან, სომეხი ჯარისკაცების მასობრივი განადგურების თარიღად მიჩნეულია 1915 წლის თებერვალი. აპრილში, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სომეხთა განადგურების გეგმა მთელი დატვირთვით ამუშავდა. სამიზნედ კვლავ მამაკაცები იყვნენ შერჩეული, ამჯერად მოზარდები. მთელი იმპერიის მასშტაბით გამოცხადდა მთავრობის მოთხოვნა, მამრობითი სქესის სომეხი მოსახლეობა გამოცხადებულიყო გარკვეულ სამთავრობო დანიშნულების ადგილებში მითითებულ დროს. მაღაზიის მფლობელები, მასწავლებელი, გლეხობა ნებაყოფლობით გამოცხადდა, ისინი დააკავეს და ციხეებში ჩასვეს.
ამავე დროს, მთავრობამ სრულიად დაუფარავად დაიწყო სომხური ერთობების წინამძღოლთა დაპატიმრება. ყველა პროფესიის წარმომადგენლები, ოსტატი თუ პარიკმახერი, სწავლული, პოლიტიკური მოღვაწე თუ შეძლებული ვაჭარი, ყველა ციხეში აღმოჩნდა. ზოგიერთის საჯაროდ ჩამოხრჩობა და ზოგის გაუჩინარება იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ სომეხი მოსახლეობა კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე იდგა. კატასტროფის მასშტაბები პირველად 1915 წლის 24 აპრილს გახდა საგრძნობი, როცა კონსტანტინეპოლში გამოჩენილი სომეხი პიროვნებები, მათ შორის გაზეთის რედაქტორები, მწერლები, ეკლესიის მსახურნი და პარლამენტარებიც კი გაიყვანეს სახლებიდან და მოხდა მათი დეპორტაცია მოშორებულ რაიონებში. ბევრი უგზოუკვლოდ გაქრა. სომეხი ერთობა წინამძღოლთა გარეშე დარჩა. ის, ვისაც შეეძლო ხმა აემაღლებინა და დაეცვა სომეხი ერთობა, სამუდამოდ დაადუმეს.

იმასთან შედარებით, რაც პატიმრობაში მყოფთ ელოდებოდათ, ჯარისკაცთა დახვრეტა ნამდვილი ღვთის წყალობა იყო. დატყვევებულთა უმეტესობა გადაიყვანეს საწამებელ პალატებში, სადაც საზიზღარი მოპყრობა მხოლოდ დასაწყისი იყო წარმოუდგენლად მძიმე წამებისა, რომელიც მათ უნდა გადაეტანათ. მღვდლებს პინცეტით ამოუღეს წვერი, ჭკვიან და პროფესიონალ პიროვნებებს ფრჩხილები დააძრეს. უსასრულო ცემით გამოწვეული დაზიანებების შედეგად სისხლისდენა სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. მიხვდნენ რა, თუ როგორი საშინელება ელოდათ, ზოგიერთმა გამოიჩინა ვაჟკაცობა და მწამებლებს მოუსწრო სადისტური სიამოვნების მიღების საშუალება-მათ ცეცხლი წაუკიდეს შენობას და ცოცხლად დაიწვეს თავი. მათთვის, ვინც გადასახლებაში იყო, სიცოცხლე მალე დასრულდა. ისინი სახლებიდან გაიყვანეს და დახოცეს.

დეპორტაცია

მოხდა რა, საზოგადოების სრული პარალიზება, მთავრობამ გამოუშვა ბრძანება დეპორტაციის შესახებ. 1915 წლის ზაფხულში იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გაიცა ბრძანება, რომ სომხებს დაეტოვებინათ სახლები და ქვეყნის ტერიტორია. მომავალი ბედი უცნობი იყო. სომხები შეტყობინებას 3 ან 7 დღით ადრე იღებდნენ და გაურკვეველ მორევში დგამდნენ ფეხს. ასი ათასობით ათასობით ადამიანი გაუყვა გზას, ისინი აიძულეს მიეტოვებინათ საკუთარი სახლები და ქონება. სომხებმა გეზი დასავლეთისაკენ აიღეს, მდინარე ევფრატისაკენ. ანატოლიის მოსახლეობაც აღმოსავლეთით _ ევფრატისაკენ გაეშურნენ. აქედან კი დეპორტირებულთა ჯგუფი სირიასა და მესოპოტამიისაკენ გაემართა. რამოდენიმე დღეში დეპორტირებულთა სვლა ფიზიკური გამძლეობის და გადარჩენის სურვილის გამოცდად იქცა. თუკი ძილის და ჭამის საშუალება მიეცემოდათ, თავს ბედნიერებად თვლიდნენ. ძირითადად ფეხით მიდიოდნენ და ზურგით მიქონდათ ის მცირედი, რაც შემორჩათ და რისი ნებაც დართეს. მთელი ოჯახები, დიდი და პატარა ბედის ანაბარა იყო მიტოვებული. გასავლელი გზა გრძელი იყო და ეძინათ მიწაზე. შიმშილი ტერორის ერთ-ერთი სახე იყო, რომელიც მათ მუდმივად ემუქრებოდათ. მოხუცებს ძალა გამოელიათ და სიარული აღარ შეეძლოთ, ეს უკვე მათ ძალებს აღემატებოდა, ისინი ერთი მეორეს მიყოლებით იხოცებოდნენ. ბავშვები ტიროდნენ და საჭმელს ითხოვდნენ, დედები ამ წვალებას ვეღარ უძლებდნენ და გიჟდებოდნენ. პატარები იხოცებოდნენ და მათ გზაშივე ტოვებდნენ, რადგან უფროსებს გზა უნდა გაეგრძელებინათ. ამ ტკივილის გადმოცემა ენით შეუძლებელია. სხვები ამჯობინებდნენ საკუთარი შვილები თურქებისათვის ან ქურთებისათვის მიეცათ იმ იმედით, რომ ეს უცოდველნი გადარჩებოდნენ და იმ ფიქრით, რომ უკვე ვერარასოდეს მშობლები მათ ვეღარ ნახავდნენ. გზა ტანჯვა-ვაებით იყო სავსე, ენით აღუწერელ ტანჯვაში განუტევდნენ სულს. ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე ახალგაზრდა ქალები იდგნენ. მათ იტაცებდნენ. ზოგი მოსამსახურედ გაამწესეს, ზოგის წინააღმდეგ წარმოუდგენელ სიბოროტეს ჩადიოდნენ და ფიზიკურ და სულიერ აგონიად უქცევდნენ არსებობის ბოლო წამებს. ზოგიერთმა თავდაცვის ერთადერთი გზა აირჩია _ ისინი ჯგუფებად ხტებოდნენ კლდის წვერიდან ან მდინარეში იხრჩობდნენ თავს.
არც სიკვდილი, არც ავამდყოფობა, არც დასვენების საშუალების მუდარა აყოვნებდა სიკვდილის ქარავანს.
მეთვალყურეები აიძულებდნენ ცოცხლებს გზა გაეგრძელებინათ. როცა დეპორტირებულნი უკვე სირიისაკენ მიმავალ მთავარ ზგას შეუდგნენ, ათასები ათი ათასებად იქცნენ. მტვრიანები, დახეული ტანსაცმლით და გაცვეთილი ფეხსაცმლით ქალი და კაცი, ოდესღაც სახელის, სახლის და პროფესიის მქონენი ერთ შეშინებულ, სასოწარკვეთილ მასად იქცა, რომელსაც უდაბნომდე უნდა მიეღწია.

დეპორტირებულთა ბანაკები გაიშალა ჩრდილოეთ სირიის ქალაქებსა და სოფლებში. ალეპოს გარდა არავის ენახა ასეთი ხალხმრავალი მსვლელობა.

დასასრული ჯერ კიდევ შორს იყო. დეპორტაციის მარშრუტი დერ-ელ ზორში, უდაბნოს შუაგულში დასრულდა. სომხებისათვის ეს ქვეყნის დასასრული იყო.

ხოცვა-ჟლეტა

1915 წლის დეპორტაცია უბედურების მხოლოდ დასაწყისი იყო. გენოციდის გეგმა სიკვდილის გამოწვევით ვერ კმაყოფილდება. ის უსჯის სიკვდილს. დეპორტაცია, რომელმაც უამრავის სიცოცხლე შეიწირა, მხოლოდ გზა იყო დასასრულისაკენ და კიდევ უფრო დიდი კატასტროფის პრელუდია. დეპორტირებულთაგან ძალიან ცოტა გადაურჩა ადგილობრივი ჯგუფების, ქურთი ყაჩაღების, ჯარისკაცების თუ ჟანდარმების თავდასხმებს. ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის ხოცვა არ იყო რთული. უნდა ითქვას, რომ მთავრობა ვერ იღებდა სიამოვნებას რასული სიძულვილის გაღვივებით ყაჩაღთა ჯგუფებში და ძალმომრეობის გამოყენებით დაუმორჩილებელთა წინააღმდეგ. გეგმის წარმატებით განხორციელებისათვის ორგანიზატორების გარდა კარგი შემსრულებლები აუცილებელია. გენოციდის გეგმის განხორციელება მოითხოვს იმ ადამიანებს, რომლებიც განადგურების გეგმას პირადად განახორციელებენ. რაც უფრო მეტია სიკვდილმისჯილი, მით მეტია საჭირო ასეთი ადამიანები.

ამ მიზნების განსახორციელებლად მთავრობამ შექმნა `სპეციალური ორგანიზაცია~. ამ ორგანიზაციის დანიშნულება მასობრივ მკვლელობათა განხორციელება იყო. კრიმინალებისა და სხვა უწმინდური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული ეს ორგანიზაცია თავს ესხმოდა დეპორტირებულთა ჯგუფებს. წყნარ ადგილებში, მდინარის ნაპირებზე და საშინელი ხოცვა-ჟლეტა იმართებოდა. არასოდეს მსოფლიოში ასეთი მასშტაბის ხოცვა არ მომხდარა. ხოცავდნენ ხმლებით და სროლებით. ასი ათასობით ადამიანისათვის დეპორტაცია გამოდგა გზა ამ მხეცური, სპეციალური ორგანიზაციის ხელში ჩასავარდნად, რომელიც უდიდესი ტერორის გამტარებელს წარმოადგენდა.
ჩვენ არ გაგვაჩნია სრული სია, თუ რა ადგილებში განხორციელდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ეს, ალბათ, მოხდა ყველგან, სადაც სომხები ცხოვრობდნენ, სივასი და მალათაია, იოზგათი და ანგორა, კონია და კაიზერი. და მაინც, გარკვეულ ადგილებში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. თუკი ამ კონტექსტში მოვიხსენიებთ არზრუმს, ბითლის და ხარფერთს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაზე დიდი სომხური ქალაქები იყო. ბართლომეს ასეთი ღამე დიდი გულმოდგინებით განხორციელდა სომხების მშობლიურ მიწა-წყალზე. ვფრატის მდინარის ნაპირები, რომელიც უძველესი სომხეთის მთელ სიგრძეზე გადიოდა, მასობრივი მკვლელობების ადგილი და ცხედართა სამუდამო სასუფეველი გახდა. დეპორტაციის დასასრულს გადარჩენილები შეყარეს რას-ულ-აინის ბანაკებში, რომლებიც სიკვდილის ცენტრი გახდა. ეს ადგილები სომეხთა საძმო სასაფლაოებად იქცა.


შიმშილი

დეპორტაციის იდეაში ჩადებული იყო თურქების მიერ შემუშავებული გენოციდის გეგმის შორსმიმავალი საშიში მიზნები. იმ დროისათვის ტექნიკური თვალსაზრისითაც კი საკმაოდ რთული იყო ორი მილიონი ადამიანის განადგურება. ადგილზე წარმოებული ხოცვა-ჟლეტა, როგორც ამას ადრე მომხდარი, მსგავსი სიტუაციები, ადასტურებდნენ, არ გამოდგა საკმარისად ეფექტური მეთოდი დემოგრაფიული და ეთნიკური სტრუქტურის ცვლილებების წარმატებით განსახორციელებლად, როგორც ეს კომიტეტის მიერ იყო გათვალისწინებული.
დეპორტაციამ სრულად შეასრულა მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები-მოსახლეობის მეათედი განადგურებული იქნა. დეპორტაციის დროს მოხდა მოსახლეობის განდევნა სახლებიდან და აქცია ერთ მასად, რომელიც მოწყვეტილი იქნა ოტომანთა იმპერიას. სომხური საზოგადოება აღმოჩნდა ყველანაირი უსაფრთხოებისაგან დაუცველი, საშინლად დაზარალებული, ხოლო თურქები და ქურთები უფლებამოსილნი იყვნენ დაუფლებოდნენ მათ ქონებას. ადვილად მიღებული მონაპოვარი მადას აძლიერებდა და დეპორტირებულთა ლაშქარი გამუდმებით იძარცვებოდა, ვიდრე ისინი შიშველნი არ აღმოჩნდნენ უდაბნოში.

ყველა იმ მხეცური მოქცევის ფაქტებიდან, რაც გენოციდის პროცესთან არის დაკავშირებული, შიმშილი ერთ-ერთი უძლიერესია. ეს იყო სიკვდილისაკენ მიმავალი ნელი გზა. დეპორტირებულნი დღითი-დღე სუსტებოდნენ, სურსათის მარაგი იწურებოდა, საჭმლის და ჭიქა წყლის ყიდვა ან შოვნა აკრძალული ქონდათ. ათი ათასობით ადამიანი დაიხოცა შიმშილისა და წყურვილისაგან. უთვალავი ქალი, კაცი და ბავშვი მაშინ, როცა წყალი თვალსაწიერზე იყო, მაგრამ დალევა აკრძალული ქონდათ. მოშიმშილე მასა მინდორში ეძებდა მარცვლებს და ცდილობდა მუჭა მარცვლეულით თავი გადაერჩინა.

რაც შეეხება უდაბნოს გზას, მხოლოდ ადამიანების ტანჯვის გამოწვევისაკენ მიდრეკილების მქონე, ბოროტ გონებას შეეძლო მოეფიქრებინა ისედაც დაუძლურებული ხალხის იმ შორეულ გზაზე დაყენება. თუკი დეპორტირებულებს ოდნავი იმედიც კი გააჩნდათ, რომ მათი სვლა ღვთისნიერად დასრულდებოდა, უდაბნოს მიღწევისთანავე მიხვდნენ, რისთვის აღმოჩნდნენ იქ. ახსნა-განმარტება საჭირო აღარ იყო.

არჩევანი: გაქცევა თუ წინააღმდეგობის გაწევა?

ყველა სომეხი უსიტყვოდ არ შეგებებია სიკვდილს, კისერი არ მიუშვერია ხმლისათვის, ყველა არ გამხდარა ტყუილის მსხვერპლი, ყველა ვერ მოატყუეს ახალგაზრდა თურქებმა.

სომეხთა გენოციდის მასშტაბის საკითხი ბევრ კითხვას წარმოშობს. ყველაზე მტკივნეული ამ კითხვათაგან არის ის გაურკვეველი შემრიგებლობა, რომელიც სომხების უმეტესმა ნაწილმა გამოიჩინა და დაემორჩილა მთავრობის განაჩენს. თავისთავად გენოციდი გულისხმობს მორჩილებას როგორც მსხვერპლის, ასევე დამსჯელის მხრიდან, რათა შესრულდეს მთავრობის მიზნები. ეს ზიანს აყენებს მოქალაქეების მთავრობის მიმართ ნდობას. ის კი, ვინც იმ დონემდე შეშფოთდება, რომ დაუშვებს და მიხვდება, მის მთავარ აზრს, ძალზედ ცოტაა.

დეპორტაციის და ხოცვა-ჟლეტის მიმართ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ოთხ ადგილას მოხდა: შაბინ კარაჰისარში, ურფაში, ვანსა და მუსა დაგში. სომხებმა, თავის დასაცავად, ბარიკადები აღმართეს და ცდილობდნენ გამაგრებულიყვნენ. ეს იყო იმ ადამიანთა თავგანწირული ბრძოლა, რომლებმაც გმირული სიკვდილი არჩიეს სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტას და შიმშილს. საბინ კარაჰისარის მოსახლეობას დიდი უბედურება დაატყდა და ცოცხალი არავინ გადარჩენილა. ურფაც ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაეცა. მხოლოდ ვანში და მუსა დაგში გადარჩნენ სომხები. გადარჩნენ, რადგან მოკავშირეთა ძალები ახლოს იმყოფებოდნენ. მუსა დაგში ფრანგულმა გემებმა აიყვანეს მთაზე გამაგრებული სომხები. ვანში წინ გაჭრილმა რუსულმა არმიამ გაარღვია ალყა და მოსახლეობა სიკვდილს გადაარჩინა, მაგრამ ერთ თვეში თვითონ გაუხდა თავშესაფარი საძებნელი. საბოლოო ანალიზზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამოდენიმე ათასი ადამიანი გადაურჩა გენოციდს მიუხედავად იმისა, რომ ისინიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი მიწა-წყალი. ასე რომ, ოტომანთა იმპერიაში სომეხთა არცერთი დასახელება არ დარჩენილა, რომ ეს საშინელება არ გაეზიარებინა.

არსებობდა სხვა გზა, თავი დაეღწიათ გენოციდის მზარდი მასშტაბებისაგან. სომეხთა მცირე რიცხვმა სიმამაცის და გაბედულების გმირული გამოვლენით, თავი გადაირჩინა. ყველაზე საიმედო გზა იმპერიიდან შორს წასვლა იყო. სომხებმა დაიწყეს მთაში ასვლა, გზას უსაფრთხო ადგილებისაკენ ქრთამით იკაფავდნენ, იმალებოდნენ, ან თავს ქურთებად და მუსულმანებად ასაღებდნენ. ყოველდღიური სიძნელეების გაძლება უზარმაზარ ნერვულ სტრესებს იწვევდა, მაგრამ იმის შიში, რომ მათ იპოვიდნენ და კარგი დღე არ დაადგებოდათ, ძალას მატებდა ყველას. ზოგიერთი მათგანი კეთილად განწყობილ ქურთებს დაუკავშირდა, რომლებმაც გენოციდისაგან თავის დაღწევის გზა უჩვენეს. ეს გზა რუსეთის საზღვარი იყო. ეს იყო სომეხთა პატარა ჯგუფი. მათ თან დაუჯერებელი ამბები მოიტანეს : თურქები მეთოდურად ანადგურებდნენ ოტომანთა რესპუბლიკაში მცხოვრებ სომხებს.

გენოციდის შედეგები

სამართლიანობისაკენ სწრაფვა ადამიანის აზროვნების ცენტრია ცოდვებით სავსე სამყაროში. როცა სიბოროტის მასშტაბები მსოფლიო ყურადღების ცენტრში ხვდება, სამართლიანობა რჩება მხოლოდ ადამიანის ღირსების აღმდგენელ საშუალებად, რაც იძლევა სიცოცხლის გაგრძელების იმედს. უსამართლობის შეგრძნება ისედაც დაზარალებულ ხალხს კიდევ უფრო უმძიმებდა გულს. მართალია, გენოციდის შედეგები უამრავი იყო, მაგრამ ყველა ფერმკრთალდებოდა ამ კითხვის ფონზე: როგორ უნდა გაიმარჯვოს სამართალმა, თუ მთავრობა თვითონ ახორციელებს მასობრივ ხოცვას?

გადარჩენის ტკივილი

თუ ადრე სოციალური უთანასწორობის და პოლიტიკური უძლურების ტვირთი იყო მძიმე, არც გადარჩენილთათვის, რომლებიც საკუთარი სამყაროს ნგრევას შეესწრნენ, გახდა ცხოვრება ტკბილი. მხოლოდ შემდეგ, როცა ხოცვა შეწყდა და ზიანი დაჯამდა, ნათელი გახდა, რომ დანაკარგი აუნაზღაურებელი იყო. ოჯახები მთლიანად ამოწყდა. მთლიანად გაჟლიტეს ერთობები. მთლიანად დაინგრა ქალაქები. ბევრმა ადგილმა შეწყვიტა არსებობა. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იქნა განადგურებული. ერთ დროს იმედიანი მოსახლეობის ღირსება აღუდგენელ მდგომარეობამდე იყო შელახული. მწუხარება ყველა სხვა შეგრძნებას ფარავდა. ყველაფერი აგონებდათ იმათ, ვისაც ვერასოდეს ვეღარ ნახავდნენ. მოგონებები მხოლოდ მიტოვებულის შეგრძნებას იწვევდა გადარჩენილებში. მწუხარება და ბრაზი იყო ის, რისი გაერთიანებითაც მათ საკუთარი ცხოვრების აღდგენა უწევდათ. დაიწყეს აღდგენა იმისი, რასაც ღირსება ქვია, ცდილობდა შეურაცხყოფილ და ტკივილით სავსე სულებში გამოეწვიათ გრძნობა, რომ კვლავ ადამიანები არიან.

და მაინც, ვერანაირმა საშინელებამ, ტკივილმა და მწუხარებამ ვერ აღმოფხვრა მთავარი იმპულსი _ გადარჩენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. მათი სულების სიღრმიდან მოდიოდა მიზანდასახულობა, რასაც უნდა შეემსუბუქებინა მომხდარი ბოროტების სიმძიმე. ძნელი სათქმელია, საიდან იკრებს ადამიანი შინაგან ძალებს კატაკლიზმების შემდეგ. ალბათ გარდაცვლილთა ხსოვნის შენარჩუნებისათვის თავდადება იწვევს ამ ძალას, რომელიც მოდის დამკვიდრების სათუთ მცდელობასთან ერთად, რასაც ახალი სიცოცხლის დაბადება ქვია. ძალა, ალბათ, იქიდანაც მოდის, რომ დიდია სურვილი გამოწვევა ესროლო მტანჯველებს და ერის აღორძინების ახალ-ახალი გზები მოძებნო. როგორიც არ უნდა იყოს მათი პიროვნული გმირობის გამომწვევი მიზეზი, გადარჩენილები მუდმივად იმყოფებიან იმ მწუხარებაში, რომელიც სხვებისთვის შეუცნობელია. ყველაფრის სათავე, ალბათ, მათ მამაცობაში იდო.

მოკვეთილთა სულიერი ერთიანობა

რამდენად დიდი იყო სიმამაცე? საიდან მოდიოდა ეს ძალა? ყველაზე დიდი საშინელება უკან დარჩა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამოცდა ელოდათ. 1918 წელს, როცა ომი დამთავრდა, გადარჩენილთაგან ზოგიერთმა გადაწყვიტა, სახლებში დაბრუნება. ისინი მიდიოდნენ იმ გზით, რომელზეც სამი წლის წინ აე აწამეს. მიდიოდნენ იმ ქალქების და სოფლებისაკენ, რომლებიც გაძარცული, დანგრეული, ზოგჯერ მთლიანად განადგურებულნი იყო. მათ უნდოდათ, ნაცნობი ადგილების ნახვით სულის დამშვიდება, მაგრამ ისინი აღარ არსებობდნენ. ქონების დაბრუნებაც, უფრო ხშირად, შეუძლებელი იყო. არავინ ელოდა მათ დაბრუნებას. მათი უფლება მიწაზე და სახლებზე გაუქმებული იყო. ახალგაზრდა თურქთა მთავრობამ სპეციალური კომისიაც კი შექმნა, რომელიც სომეხთა უპატრონოდ მიტოვებულ ქონებას განაგებდა. ნაწილი ადგილობრივ თურქებს გაუნაწილეს, ნაწილი გაყიდეს, რომ თავისი კოჰორტა კიდევ უფრო გაემდიდრებინათ. საინტერესოა, რომ ამ გზით მთავრობა ცდილობდა, ყველა გაეხადა გენოციდის მონაწილე და აღმოეფხვრათ შეცოდების და თანაგრძნობის ყველანაირი გრძნობა, რომელიც შემორჩენილი იყო სინდისიერი ხალხის გულებში.

ყველა ერთობა, ერთობა შრომისმოყვარე გლეხობის, ოსტატების, ვაჭართა, პროფესიონალების, განმანათლებლების, მეწარმეების, ერთობა, რომელიც ცნობილი იყო თავისი მომჭირნე და ხელობით და რომელიც ისწრაფოდა განათლებისაკენ და შთაგონებული იყო საკაცობრიო ფასეულობებით, რომელმაც შეძლო საქველმოქმედო ინსტიტუტების საშუალებით დაუძლურებულ მოძმეთა დახმარება, რომელიც სპონსორობას უწევდა ხელვონებას, აშენებდა სკოლებს, ფინანსურ დახმარებას უწევდა ეკლესიას, გამოცემდა უამრავ წიგნს და გაზეთს, მრავალფეროვანუი, ადამიანის ღირსების დამფასებელი ერთობა, თავისი ხალხით ამაყი, ყველა სახის ერთობა გათანაბრდა. ყველა სომეხი უსახლკარო, უკაპიკო გახდა. მთელი მოსახლეობის მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვებულ ქონებას სხვები დაეპატრონენ, გენოციდმა გადარჩენილი ხალხი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.
უფრო ხანდაზმულებმა მთელი დარჩენილი სიცოცხლე სიღარიბესა და უცხოობაში გაატარეს, საყვარელ, წინაპრების მიწა-წყალს მოშორებულებმა. მათი მომავალი თაობაც სიღარიბის ნიშნით დაიბადა. ამაყ ხალხს, რომელსაც ცხოვრება საკუთარი შრომით და ცოდნით ქონდა აწყობილი, მეტი არაფერი დარჩენოდა, გარდა ყოველდღიური ფეხჩაუდგმელი შრომისა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ცხოვრობდნენ ლტოლვილთა ბანაკებში. ეწეოდნენ დაქირავებულ შრომას. მათი ერთადერთი ნუგეში მათ მიერვე შექმნილი ახალი ოჯახები იყო.

მსოფლიო საზოგადოების რეაქცია

ძლიერთა ამა ქვეყნისა, ოტომანთა იმპერიის მტრებმაც და მოყვარეებმაც კარგად იცოდნენ 1915 წელს ახალგაზრდა თურქთა მთავრობის მიერ დატრიალებული გენოციდის ისტორია. მოკავშირეები აფრთხილებდნენ მათ, რომ ისინი პირადად იქნებოდნენ პასუხისმგებელნი ჩადენილ მხეცურ აქტებზე. გერმანელმა და ავსტრიელმა ხელისუფლებმა ყველაფერი დეტალურად იცოდნენ ელჩებისაგან (ისინი ომშიც მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ გენოციდის ფაქტით და გააფრთხილეს მთავრობა, რომ ითვლებოდნენ გენოციდში თანამონაწილეებად. რუსები მოხსენებით ბარათებს იღებდნენ გადარჩენილებისაგან.

ამერიკის მთავრობა ნეიტრალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა 1917 წლამდე და ოტომანთა იმპერიაში თავისი წარმომადგენლობისაგან რეგულარულად იღებდა ცნობებს სომხების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის შესახებ. დასავლეთის პრესაში უამრავი ინფორმაცია ქვეყნდებოდა ამ ხოცვა-ჟლეტის შესახებ. და მაინც, არანაირი რეაქცია არ იყო დასავლეთის მხრიდან.

ერთობის და პროგრესის კომიტეტის შეთქმულთა სასარგებლოდ უნდა ითვას, რომ დრო გენოციდისათვის მართლაც შესანიშნავად იყო შერჩეული. მთელი მსოფლიო ომის პრობლემებში იყო, უზარმაზარი შეიარაღებული ძალები ერთმანეთის პირისპირ იდგა, ყალიბდებოდა ძლიერი ერების და კოლონიალური იმპერიების ბალანსი. ამ დროს სომხების ბედ-იღბალი მნიშვნელოვან საკითხთა სიის ბოლოში იყო. უფრო მეტიც, ომის პერიოდში მოსახლეობის მობილიზაცია გარკვეულ ეიფორიულ მდგომარეობას და გამართლებულ ძალმომრეობაში ჩაბმის მზადყოფნის პრეცედენტს ქმნიდა. თუკი გარე მტერთან ომი სამართლიანი იყო, შიდა მტერთან ბრძოლა უკვე ახალგაზრდა თურქი მთავრობის პოლიტიკის სოციალური სფეროს საკითხს ეხებოდა.

რა თქმა უნდა, დეპორტაციას ვერაფრით ახსნიდნენ, მაგრეა ხოცვა-ჟლეტის გამართვა თვალსაწიერიდან მოშორებით შეიძლებოდა და პრესაშიც შეიძლებოდა ბუნდოვანი პასუხებით და ტყუილებით თავის გამართლება. ომის მდგომარეობაში ძალიან ადვილი იყო სომეხი მოსახლეობის ღალატში დადანაშაულება. დანაშაულის დაფარვით, ყველაზე გადანაწილებით და მისი უარყოფით ადვილი ხდება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. გლობალური ომი ძალზედ კარგი საფარი აღმოჩნდა შიდა ომისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობები სომხების გენჯოციდის შესახებ საშინლად აღმაშფოთებელი იყო, დიდი ომის ტრაგედიები იმდენად წუხილისმომგვრელი გახლდათ, რომ ევროპას ერთადერთი საფიქრალი ქონდა _ როგორმე დამთავრებულიყო ომი. არც ფრანგები, არც ბრიტანელები არ იყვნენ მზად, გამოეყოთ ძალები სომხების საკითხის სამართლიანი გადაწყვეტისათვის. ევროპის კონტინენტზე საკითხების მოგვარება ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გერმანიის და ავსტრიის იმპერიები დაიშალა. ხდებოდა რუსეთის იმპერიის დაშლა, ბოლშევიკებმა რევოლუცია მოაწყეს და ცდილობდნენ პირველად ისტორიაში სოციალისტური ქვეყნის შენებას. ოტომანთა იმპერიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ხდებოდა გამარჯვებულთა მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გადანაწილება. სომხების ხოცვა ტერიტორიულად შორს მდგომი პრობლემა იყო და იმ მილიონი ადამიანის ბედთან შედარებით, რომელთა ყოფნა-არყოფნაც ვერსალში დადებულმა ხელშეკრულებამ გადაწყვიტა, მართლაც უმნიშვნელო გახლდათ. ამ ხელშეკრულებამ მსოფლიო რუქის თავიდან შემუშავება მოითხოვა. სომეხი ერი კვდებოდა. და მაინც, რამოდენიმე ასობით ათასი თვალსაწიერში არმყოფი ადამიანის სავალალო მდგომარეობა გადამწყვეტ შეფასებას არ იწვევდა. ბევრის აზრით სომხების კატასტროფა გარდაუვალი იყო.

სანამ ევროპელი პოლიტიკოსები კამათობდნენ, ამერიკიდან მოვიდა ყველაზე სამართლიანი პასუხი. სომეხი ერის ხოცვით შეძრულმა ამერიკულმა ჰუმანიტარულ-რელიგიურმა ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო მოწყალების მისია, გამოეკვება მოშიმშილე სომეხი ხალხი. მათი ჩარევის წყალობით ათი ათასობით ადამიანი უეჭველ სიკვდილს გადაურჩა. ომის დასასრული გადარჩენილთათვის არც შიმშილის და არც საშინელებების დასასრულს არ ნიშნავდა, არც იმ ეპიდემიების დასასრულს ნიშნავდა ლტოლვილთა ბანაკებში რომ ბობოქრობდა. მთავარი ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ცნობილი გახდა სახელით დახმარება ახლო აღმოსავლეთს და მისი წევრები ათასობით გაჭირვებულს ეხმარებოდა. ამერიკის მთავრობა დაიყოლიეს მონაწილეობა მიეღოთ ამ დახმარებაში და მთელი ერის ძალისხმევის წყალობით დიდძალი დახმარებით დატვირთული გემები იგზავნებოდა დანიშნულების ადგილისაკენ.
დახმარება ახლო აღმოსავლეთს და სხვა ორგანიზაციები სულ უფრო აფართოებდნენ საქმიანობას სომხების რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით. მათ არ შეეძლოთ გენოციდის პოლიტიკური საკითხების გადაჭრა, მაგრამ ამ პრობლემების არსებობა მათ ხელს არ უშლიდათ დახმარების გაწევაში. მათ ლტოლვილები სირიის, საბერძნეთის და ლიბანის ლტოლვილთა ბანაკებში განათავსეს, მოაწყეს სამედიცინო დახმარების პუნქტები, სადაც ეპიდემიით დაავადებულებს მკურნალობდნენ, ეხმარებოდნენ საკვებით, რომ ბოლო მოღებოდა შიმშილს, ათი ათასობით ადამიანისათვის ტანსაცმელი გამოყვეს, მიაწოდეს მასალა, რომ თავშესაფარი აეშენებინათ, თავი მოუყარეს ბავშვებს ობოლთა სახლებში, ორგანიზება გაუკეთეს ბავშვების და მოზარდების, რომელთაც ოთხი და მეტი წლის მანძილზე სკოლებში არ უვლიათ, განათლების საკითხს, შვება მოგვარეს მწუხარებას, უვლიდნენ გულდაჭრილებს, მკურნალობდნენ ავადმყოფებს, მოსავდნენ შიშვლებს, ჭერს უქმნიდნენ ჭერგამოცლილებს და სიკეთით და უსაზღვრო მოთმინებით კურნავდნენ გაძევებული ხალხის დაჩეხილ სხეულებს და სულებს.

სამშობლოს პირველი იმედი

გენოციდის გამოცდილებამ აიძულა სომხები გადაეხადათ საკუთარი პოლიტიკური იმედებისათვის.
ასეთი უმოწყალო მოქცევის შედეგად სომხები დარწმუნდნენ, რომ სამშობლო აუცილებელი ცნება იყო, თუ ისინი აპირებდნენ სიცოცხლის გაგრძელებას, როგორც ერი. ზოგიერთს სჯეროდა, რომ ლტოლვილთა განსახლება შექმნიდა გარკვეულ საფუძველს ცალკე სახელმწიფოსათვის, მაგრამ გადარჩენილთა რიცხვი მცირე იყო ხოლო დაბრუნების მომხრეების კიდევ უფრო ცოტა. ახალგაზრდა თურქთა პროგრამამ თავისი მზინები შეასრულა.
ყურადღებამ და წუხილმა რუსეთის მმართველობის ქვეშ მყოფი სომხეთისაკენ გადაინაცვლა. ამ ტერიტორიაზე სომხები თვითნებური და დისკრიმინაციული კანონებისაგან დაცულნი უყვნენ.

მეცხრამეტე საუკუნეში, ოტომანთა იმპერიიდან გაძევების შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტი სომეხი სახლდებოდა ერევანის პროვინციაში, უძველესი რელგიური ცენტრის, ეჩმიაძინის, სიახლოვეს. ომის პერიოდში გამოქცეულმა ათი ათასობითY სომეხმა თავი ამ რაიონში მოიყარა. 1918 წლისათვის ეს მცირე მიწა წარმოადგენდა ისტორიული სომხეთის იმ ნაწილს, სადაც სომხები ცხოვრობდნენ.

ბევრს ესმოდა, რომ ვიდრე ახალგაზრდა თურქებს ისინი ასეთი სიძულვილით ძულდათ, დევნისაგან თავის დაღწევა რთული იქნებოდა. რუსეთის სომხეთი ერთადერთ იმედს წარმოადგენდა. აქ იმედის გამტყუნებას შესაძლოა სომხების განადგურება მოყოლოდა.

შემდეგ მოხდა წარმოუდგენელი. პირველი მსოფლიო ომის ბოლო წელს რუსეთის არმია დამარცხდა და ოტომანთა სამხედრო ძალები მოემზადნენ დარჩენილი სომხების გასანადგურებლად. გენოციდის ჯაგერნაუთმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები და სომხები მარტო აღმოჩნდნენ. 1918 წლის მაისში, გულგატეხილი სომეხი ლიდერები მიხვდნენ, რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება დამოუკიდებლობაში იყო. ახლა, როგორც არასოდეს, მათი ბედი მათივე ხელში იყო. ან იარაღი უნდა აეღოთ და დაეცვათ საკუთარი მიწა-წყალი თურქებისაგან, ან კარი უნდა გაეღოთ მათთვის, ვინც ხოცვა-ჟლეტით ბოლომდე ამოწყვეტდა სომეხ ერს.

ეჩმიაძინიდან არც თუ ისე შორს, სარდარაფათთან სომხები წინ აღუდგნენ ოტომანთა ძალებს.
იმ საშინელ დღეებში შეიქმნა სომხეთის რესპუბლიკა, საკმარისია ითქვას, რომ სასოწარკვეთილებამ შვა სიმამაცე და ლტოლვილები, მოქალაქეები და მოხალისეები, ყველა იცავდა თავის რესპუბლიკას, სანამ თურქები არ დანებდნენ მოკავშირეებს 1918 წლის ოქტომბერში.
მთელ მსოფლიოში მიმოფანტული სომხები მოწონებით შეხვდნენ რესპუბლიკის შექმნას იმ საუკუნეში, რომელიც ასე უმოწყალოდ და ცივად გაუსწორდა მათ. მათთვის, ვინც გენოციდს შეეწირა, ოტომანთა იმპერიისაგან გათავისუფლების ოცნება ოცნებად დარჩა. რესპუბლიკის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცა, მაგრამ მხოლოდ ამას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო სომხების მიერ გადატანილი მწუხარების შემსუბუქება.
სომეხთა მოლოდინს, რომ მოკავშირეები მხედველობაში მიიღებდნენ მათ მიერ გადატანილ უბედურებას და სომეხთა სასარგებლოდ გადაწყვეტდნენ ტერიტორიულ საკითხს, რაც უზრუნველყოფდა მათი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, გამართლება არ ეწერა. ეს იმედები საბოლოოდ გაცამტვერდა, როცა წითლების არმიამ 1920 წლის ნოემბერში დაიპყრო სომხეთის რესპუბლიკა და საბჭოთა რეჟიმმა თურქეთის საზღვარს მიაღწია. რაც შეეხება გენოციდის საკითხს, საბჭოელების თვალსაზრისით ეს სრულიად უმნიშვნელო იყო. საკითხი გადაწყდა, როგორც თურქეთ-საბჭოეთის მოლაპარაკების ნაწილი კავკასიაში.

აქედან მოყოლებული ჩამოყალიბება დაიწყო გენოციდის შემდგომმა სომხურმა დიასპორამ. საკუთარი სახლებიდან გადასახლებული, მსოფლიო საზოგადოებიდან მოკვეთილი, სომხური გენოციდისაგან თავდაღწეული, აჩრდილს დამსგავსებული სომხები, მარტოდმარტო ცდილბდნენ დანგრეული ცხოვრების აღდგენას. რაც შეეხება საბჭოთა სომხეთის მოქალაქეებს, მათ მეხსიერებაში არ წაშლილა გენოციდის მოგონებანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ აკრძალული იყო ამაზე ლაპარაკი, უდიდესი კატასტროფის ხსოვნა და მნიშვნელობა სამუდამოდ ჩაიჭედა მათ გულებსა და გონებაში.

სამართალმა დაიგვიანა

სამართლიანობის საკითხი თურქული საზოგადოებისათვის კვლავ პასუხგაუცემელ კითხვად რჩებოდა. ომში დამარცხებულმა ახალგაზრდა თურქთა მთავრობამ დაკარგა ძალაუფლება და ქვეყანა დატოვა. მოკავშირეებმა კონსტანტინოპოლის ოკუპაცია მოახდინეს და ჩამოაყალიბეს ახალი კაბინეტი მომაკვდავი ოტომანთა იმპერიის სამართავად. მოკავშირეები სიამოვნებით ასამართლებდნენ კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც ჩარეულნი იყვნენ ყველაზე სასტიკ დანაშაულებებში. ბევრი დაპატიმრებული და გასამართლებული იქნა. სასამართლოზეც გენოციდთან დაკავშირებული ბევრი ფაქტი გახდა ცნობილი. ნათელი მოეფინა აგრეთვე კომიტეტის როლს სომხების წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციებში. მოსამართლეების მიერ გამოტანილმა განაჩენმა დაადანაშაულა კომიტეტის ხელმძღვანელობა შეთქმულებასა და სომეხი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში.

სამხედრო სასამართლოს შერჩევა და მისი გადაწყვეტილებები ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი მთელი რიგი წინააღმდეგობების გამო, რისი მიზანიც გახლდათ არ დაეშვათ მსგავსი პრეცედენტი. თურქეთის სასამართლომ ჩამოაყალიბა ყველა იმ მხეცური მოქცევის ფაქტები, რაც ჩადენილი იყო სომხების წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, არც თურქი საზოგადოება და არც მოკავშირეები მზად არ იყვნენ შეხვედროდნენ ასეთი გადაწყვეტილებების შედეგებს.

ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ მთავარი დამნაშავეები არც კი გამოჩენილან სასამართლოზე, რადგან ქვეყანაში აღარ იმყოფებოდნენ. ისინი დაუსწრებლად გაასამართლეს. სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს თალაათს, ენვერს და ჯემალს, მაგრამ არანაირ ძალას არ შეეძლო მათი შეპყრობა. სომხებს ისღა დარჩენოდათ, მოეძებნათ და შური ეძიათ. თალაათი მოკლეს ბერლინში 1921 წელს, ჯემალი-თბილისში, 1922 წელს, ხოლო ენვერი სიკვდილს ცენტრალურ აზიაში შეხვდა, წითელ არმიასთან ბრძოლაში.

უფრო მეტიც, მოკავშირეები ცოტა არ იყოს შედრკნენ თურქეთში მზარდი ნაციონალური მოძრაობის გამო.
ისინი გაოცებულნი იყვნენ ამ მოძარაობის სიძლიერით და მიხვდნენ, რომ მათი მცირე ძალები თურქეთში წინააღმდეგობისათვის არ გამოდგებოდა. ასეთმა სისუსტემ კიდევ უფრო გაამამაცა თურქი ნაციონალისტები და გაზარდა მათი პოპულარობა მასებში. ნაციონალისტები კომიტეტის წევრების გასამართლების წინააღმდეგაც კი გამოვიდნენ და გააჩაღეს მათი დასაცავი კამპანია, რომელიც იმავდროულად მიმართული იყო მოკავშირეების და სულთანის თურქეთის დისკრედიტაციისაკენ.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მოკავშირეების მცდელობა-გაესამართლებინათ დამნაშავეები შეეწირა თურქეთის მთავრობასთან, ნაციონალისტებთან, რომელთა ლიდერი მუსტაფა ქემალი იყო, ურთიერთობის გაუმჯობესების ინტერესებს. სამართლიანობის აღდგენის საკითხში მოკავშირეების სუსტი პოზიცია თურქების მხრიდან გარკვეულ დასკვნებს იწვევდა. მათი ძალა ჯერ კიდევ ძლიერი იყო. საზოგადოებამ, რომელმაც გადაიტანა გენოციდის განმახორციელებელი მთავრობის ბატონობა, გამონახა დაგმობის ფორმა-მოკვეთა, უარყოფა. თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად, თურქულმა საზოგადოებამ თავი გათავისუფლებულად იგრძნო სომხების მიმართ პასუხისმგებლობისაგან და ახალი მთავრობა სრულიად უკომპრომისო იყო კავშირის წევრების დადანაშაულების საკითხში.

სინამდვილეში, ნაციონალისტებმა თვითონ გააჩაღეს ახალი ომი სომხების წინააღმდეგ და არანაირი სურვილი არ ქონდათ გაგრძელებულიყო სჯა-ბაასი, რომელიც რაიმე ვალდებულებას დააკისრებდა თურქეთს ან დაანადაშაულებდა რომელიმე თურქს სომხების წინაშე. 1920-1922 წლებში ქემალისტებმა ყველა დარჩენილი სომეხი მცირე აზრიაში გააძევეს. ეს შედეგი იყო მათ მიერ აღმოსავლეთში, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და ამ ტერიტორიაზე მცხოვრების სომხების გაჟლეტისა. სამხრეთში ალყის და ხოცვის შედეგად სომხები გააძევეს მარაშიდან, ჰადჯინიდან, აინტაბადან. ბოლოს, დასავლეთში, სმირნას ხელმეორე ოკუპაციის შედეგად, მთლიანად გაწმინდეს სომხებისაგან ანატოლია.

მოულოდნელი შედეგები

სომხების წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პოლიტიკა როგორც ჰამიდიანების, ასევე კავშირის წევრების და ნაციონალისტების მხრიდან იყო ერთ-ერთ ყველაზე საშიში მოვლენა მე-19-ე საუკუბის ბოლოს და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში. ასევე შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა რეჟიმმა თავიდან აიცილა სომხების წინაშე ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა. და მაინც, მათი ასეთი პოლიტიკა თანამედროვე თურქეთისათვის უკვალოდ ჩავლილი არ გამოდგა. თავდაპირველად თურქეთის მთავრობას ჯეროდა, რომ მცირე დანაკარგით გადაჭრა სომხების პრობლემა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურქეთის საზოგადოებამ საკმაო საზღაური გაიღო იმ პოლიტიკური სისტემის დაფუძნებით, რომელიც სომხების გენოციდის შედეგად გაჩნდა. მიუტევლობა უმცირესობის მიმართ ინსტიტუციონალურ მოვლენად იქცა და თვითონ თურქებმაც დაიჯერეს და მსოფლიოს წინაშეც შექმნეს ერთგვაროვანი საზოგადოების იმიჯი. თურქეთის მთავრობა ატარებდა ხაზს, რომ ყველა მოქალაქეს ერთი და იგივე ეთნიკური წარმოშობა ქონდა. თითქოს და დემოკრატულ ქვეყანაში ამ აზრიდან გადახვევა კანონსაწინააღმდეგო მოვლენად ითვლებოდა.

ეთნიკურ საკითხთან დაკავშირებული პრობლემა არ შემოისაზღვრა ქრისტიანული უმცირესობებით, როგორებიცაა მცირე და დასუსტებული ბერძნების, სტამბულის სომეხთა და ნესტორიანელების ერთობები. თურქეთში მოსახლე ქურთე მეოცე საუკუნეში თავად განიცდიდნენ პოლიტიკური მომწიფების პროცესს და გამოიმუშავეს განსხვავებული თვითმყოფადობა.

ქურთებმა სომხების გენოციდის დროს დახმარება გაუწიეს ახალგაზრდა Yთურქ მთავრობას და ხოცვა-ჟლეტაში ხალხი მიაშველეს. აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ადრე სომხები სახლობდნენ, ქურთები დამკვიდრდნენ. ისტორიული დასავლეთ სომხეთი, სადაც გენოციდის შემდეგ სომხები აღარ დარჩნენ, მეოცე საუკუნის ბოლოს ქურთებით არის დასახლებული.

გენოციდის შედეგების ირონია იმაშიც მდგომარეობს, რომ ისტორიული სომხეთის ნაწილი, რომელიც ახლა თურქეთის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება, დემოგრაფიული თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მეტად ითვლება ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილად.

გენოციდის პრობლემატური მემკვიდრეობა ამით არ ამოიწურება.
მეორე საკითხია სიტყვის თავისუფლება, სადაც გენოციდის თემა აბსოლუტურ შეზღუდვაში მოყვა. თურქეთის მთავრობამ გამოიმუშავა ოფიციალური აზრი გენოციდთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით ეს აზრი გამოიხატება სიტყვა _ უარყოფითი. მთავრობამ ეს აზრი მოახვია თურქეთის საზოგადოებას და მკაცრად აკონტროლებდა ნებისმიერ სხვა შეხედულებას, რომელიც გამოხატავდა, რომ ქმედება სომხების მიმართ არასწორი იყო. უფრო მეტიც, ამ ფაქტმა თურქეთის საზღვრებს გარეთ სხვებიც დაარწმუნა, რომ უნდა მიეღოთ გენოციდის ეს ოფიციალური ინტერპრეტაცია. ვინაიდან ეს წარმოდგენილი იყო, როგორც პოლიტიკის ნაწილი, გენოციდის ისტორიის ჩვეულებრივი ამბის ჩარჩოებში მოქცევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გულმავიწყ სამყაროში ასეთმა მიდგომამ წარმატებას მიაღწია. თურქეთში ამან გამოიწვია დამახინჯებული ისტორიის დაფუძნება, რომელიც არანაირად არ შეეფერებოდა სინამდვილეს.

თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან და ლიბერალური აზრის გაელვებასთან ერთად, ნელა, მაგრამ მაინც უჩნდებოდა ლიბერალიზმი. ნელიიყო ეკონომიკური წინსვლაც, რადგან საშუალო კლასის წარმომადგენლები, სომხები, მთლიანად გაანადგურეს. გენოციდის ეკონომიკური შედეგები შესაძლოა უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო. თურქეთის აღმოსავლეთი რეგიონები, სადაც ერთ დროს უამრავი სომეხი ცხოვრობდა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩა და მე-20-ე საუკუნის ბოლოს შესამჩნევი გახდა განვითარების არათანაბარი დონე, უმუშევრობა, რაც იწვევს, როგორც მიგრაციას, ასევე უკმაყოფილება ადგილობრივ მოსახლეობაში, ქურთებში.

სიჩუმე დიასპორაში

გაჭირვებაში ჩავარდნილი, გადარჩენილი ადამიანებისათვის, რომლებიც სირიაში და სხვა ადგილებში იყვნენ გაფანტულნი, 1923 წელს ლოზანაში დადებული ხელშეკრულება დასავლეთის ძალებსა და ნაციონალისტურ მთავრობას შორის, კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იყო იმის, რომ სომხები მარტო იყვნენ ამ უბედურებაში. ცნობდა რა თურქეთის რესპუბლიკას, ხელშეკრულება გულისხმობდა სომხებისათვის საზღვრების ჩაკეტვას. საერთაშორისო საზოგადოებამ დადო შეთანხმება თურქეთთან, რომ დეპორტირებული სომხები არ დაბრუნდებიოდნენ საკუთარ სახლებში. გადარჩენილები მალე მიხვდნენ, რომ დეპორტაცია მხოლოდ პრელუდია იყო სამშობლოდან სამუდამოდ გაძევების წინ.

ასეთი იყო ახალი სომხური დიასპორას მდგომარეობა. ერის, რომელიც უნდა გაფანტულიყო დედამიწაზე და რომელსაც უარი ეთქვა სამართლიან გადაწყვეტილებაზე. დაიწყო ბრძოლის ახალი ეტაპი არა მარტო ფიზიკური, პიროვნული გადარჩენისათვის, არამედ ეროვნული, კულტურული გადარჩენისთვისაც. ამ ორი ეტაპის დინამიკამ ჩამოაყალიბა დიასპორაში სომხების ხასიათი. ამის აუცილებლობა იმდენად მწვავედ იდგა გამომდინარე მათი სიღარიბიდან, რომ ამოწყვეტის შიშმა გადარჩენის ძალა მისცა ხალხს, როცა ისინი ქვეყნის ოთხივე მხარეს გაიფანტნენ. უცხო ქვეყანაში ყოველდღიური საჭმლის შოვნის პრობლემა იდგა, საკუთარ გაჭირვებასა და ტრაგედიაზე ვერავისთან საუბრობდნენ. სამაგიეროდ, სამყაროც ჩუმად იყო, ისიც არაფერს ეუბნებოდა სომხებს და ამჯობინა, იგნორირება გაეკეთებინა მათი აუხსნელი ბედისათვის.

გადასახლების და მიტოვების მდგომარეობაში სომხებს პოლიტიკური აზროვნების ახალი სტილი ჩამოუყალიბდათ. სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, სომხეთის სოციალ-დემოკრატული პარტია, რომელსაც დემოკრატულ-ლიბერალური პარტიაც შეუერთდა, ძალ-ღონეს არ იშურებდა და დიასპორაში ლიდერის ფუნქციას ასრულებდა იმ ინსტიტუტების მშენებლობის გზით, რომელმაც შეინარჩუნა სომხური კულტურა და ტრადიციები და გააძლიერა ერთობის შეგრძნება. მათ ჩამოაყალიბეს ემანსიპირებული ხალხის საკუთარი ხედვა და იგი სომხეთის კანონიერი პატრონებისათვის დაბრუნებაში გამოიხატებოდა. ამ ოცნების ასრულებას დიდი ხანი ჭირდებოდა დიასპორას სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს მიზანი ძლიერად აჟღერდა დიასპორას იდეოლოგიაში, მოეზიდათ ხალხი სამშობლო მიწებზე გაერთიანების მიზნით. ეს ფაქტი შესაძლოა ჩაითვალოს, როგორც სამართლის გამოხატულების ერთი აქტი, რომლითაც უნდა დაწყებულიყო გენოციდის საშინელი შედეგების დასასრული. ამ იმედით, მიუხედავად იმისა ეს მოხდებოდა სომხეთში თუ დიასპორაში, გენოციდის მოგონებებმა სომხების აზროვნებაში მთავარი ადგილი დაიკავა.

სომხურმა ეკლესიამაც გადადო თავი ერის ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისათვის. ეკლესიამ მიმოფანტული ერი შემოიკრიბა. ეკლესიაც გადასახლებაში მყოფი ერთ-ერთი ინსტიტუტი იყო, დაშლილი და დანაწევრებული თავისი ტაძრებით და მონასტრებით. ეკლესია ერთადერთი იყო, რომელიც სულიერ მხარდაჭერას უცხადებდა ხალხს და პირველი შენობა იყო ლტოლვილთა ბანაკებში აშენებული. მის კედლებში მოხდა დაღუპულთა სულების მოხსენიება, ტანჯულების წმინდანებად გამოცხადება. მაშინ, როცა სომხები მდგომარეობიდან გამოვიდნენ და საკუთარი ერთობები ჩამოაყალიბეს, გენოციდის მოგონებანი ცოცხალთა ურთიერთობის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.

დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე _ 24 აპრილი ახალგაზრდა თაობებში დღითი-დღე აძლეირებდა პასუხისმგებლობის გრძნობას. 1965 წელს ამ უდიდესმა ემოციებმა, დაკავშირებულმა მოგონებებთან, რომლებიც ასე ერთიანებს სომხებს, გამოხატვის გრანდიოზული სახე მიიღო. საბჭოთა სომხეთში გაჟონა ინფორმაციამ, რომ დიასპორა ორგანიზებას უკეთებდა გენოციდის 50 წლისთავის გრანდიოზულ აღნიშვნას. ათეული წლების პოლიტიკური რეპრესიის შემდეგ, სპონტანურ დემონსტრაციებში გამოხატა საბჭოთა სომხეთის მოსახლეობამ თავისი ემოციები და ხმა მიაწვდინა ძმურ დიასპორას, რომელთან ურთიერთობაც მათ ამდენი ხნის განმავლობაში აკრძალული ქონდათ. გენოციდის მოგონებანი რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ერის შემაკავშირებელი ძალა გახდა.
 

წარსულის მიგნება

სომხები კარგად გრძნობდნენ, თუ რა დიდი გავლენა მაოხდინა 1915 წლის გენოციდის ხანგრძლივმა შედეგებმა. დაიწყო გენოციდის ცნების გაგებისაკენ სწრაფვა. ის იყო დაიწყო ამ პრობლემის გააზრების პროცესი, რომ სომხები ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ვიდრე სომხები საკუთარ ერთობებში ცხოვრობდნენ და ყალიბდებოდნენ გადარჩენილთა მოგონებებით სულშეძრულნი, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისათვის გენოციდი ეჭვით მოცული ეპიზოდი გახდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თურქეთის მთავრობას არანაირი ძალღონე არ დაუშურებია, რომ ყველა საბუთი მიეჩქმალა, აერია ფაქტები, კითხვის ქვეშ დაეყენებინა მომხდარი და დაუბრუნებლად წაეშალათ წარსული.

დაიწყო ინტელექტუალური მოძრაობა, შექმნილიყო სრულყოფილი ისტორია, რომელიც შეიქნებოდა მკაცრ გამოცდაგადატანილი ხალხის გამოკითხვის საფუძველზე. მათ მიცვალებასთან ერთად იწურებოდა ინფორმაციის წყარო. მხოლოდ მეცნიერული მიდგომა და ერუდიცია იძლეოდა საშუალებას გამოეძიათ ყველაფრის ახსნა ზეპირი გამოცემის ღრმა ანალიზის საშუალებით.

ისინი, ვინც ამზადებდნენ გენოციდს და ისინიც, ვინც სარგებელი ნახეს ამ საქმიდან, თამაშის იმ წესს მიყვებოდნენ, რომლის მიხედვითაც დრო ყველანაირ მოგონებებს შლის. უარეს შემთხვევაში სომეხთა დარჩენილი ნაწილი ვნებისამშლელ მოგონებებს საკუთარი დამცირების შესახებ გულებში ინახავდნენ.

მთავარი საკითხი სწორედ გაიანგარიშეს. გენოციდის ცოცხლად გადარჩენილი მოწმეები ამ მოვლენების შემდეგ აქვეყნებდნენ მოგონებებს, საშინელ ფაქტებს, მაგრამ ისინი მალე მიეცა დავიწყებას. გაზეთებს, რომლებიც სომხების გენოციდის ამბებს აშუქებდნენ ზუსტად ერთი თაობის შემდეგ ბევრი ოფლის ღვრა უწევდათ, რომ ეპოვათ ჟურნალისტი, რომელსაც სომხეთი ახსოვდა. ამბების მნიშვნელობა იმდენად სწრაფად იცვლებოდა, რომ ის, რაც ერთ დღეს გაზეთის პირველ გვერდზე იყო, მეორე დღეს ბოლო გვერდზე თუ გამოჩნდებოდა. 1965 წელს, როცა სომხებმა თავისი წარსული ახლებურად გაიაზრეს და მოინდომეს ისტორიული ფაქტების დამოწმება პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით, იმდროინდელ პრესაში შენიშვნებიც კი ვეღარ იპოვეს.

ამასთანავე გამოჩნდა სომხების გენოციდის შემსწავლელი სრულიად განსხვავებული მეთოდი.
დოკუმენტთა კონცეფციამ, რომელიც თანამედროვე წყაროებზე იყო დაყრდნობილი, სრულიად სხვა მხრიდან წარმოაჩინა საკითხი. აზრი, რომ ყველა დამამტკიცებელი საბუთი მოწმეებთან ერთად დაიკარგა, მცდარი აღმოჩნდა. რაც უფრო მეტი და მეტი სახელმწიფო არქივებში იძიებოდა მასალები სწავლულთა მიერ, მით უფრო მდიდარ საბუთებს ეხდებოდა ფარდა. ამბავი, რომელსაც ახალგაზრდა თურქი მთავრობა და მისი მომდევნო თაობა ასე საგულდაგულოდ მალავდა, დეტალურად ჩაწერილი აღმოჩნდა უცხოელი დიპლომატების, მრჩეველების, მისიონერების, ჟურნალისტების და სხვათა მიერ, რომლებიც ინფორმაციას ევროპასა და ამერიკაში გადასცემდნენ. მდიდარი საარქივოს მასალა ახალ სინათლეს ფენდა სომხების მიერ გადატანილ ტრაგედიას და გენოციდის მიზეზების ახსნაში უკეთესად დაგვეხმარა. ეს მასალები დიდად დაგვეხმარა და მომზადდა საფუძველი გენოციდის ასპექტების ობიექტური გამოკვლევისათვის. ამას, რა თქმა უნდა, გენოციდს თავდაღწეული ხალხი მარტო ვერ შეძლებდა.

მეოცე საუკუნის გენოციდი

რა თქმა უნდა, არანაირი ღირსება სომხებისათვის იმაში, რომ XX საუკუნის გენოციდის მსხვერპლი გახდნენ, არ იყო. ახალგაზრდა თურქთა პოლიტიკა აღქმული იქნა პათოლოგიად, რომელიც ჩაფიქრებული და განხორციელებული იქნა სისხლისმსმელი ფანატიკოსების მიერ, რომელთა აღმოსავლური დესპოტიზმი სულიერ დაავადებაში გადავიდა. რა თქმა უნდა, უფრო ხელსაყრელი იყო გენოციდი შეფასებული ყოფილიყო როგორც ახლო აღმოსავლეთის ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინება და მიეწერათ იგი ველური კულტურისა და რელიგიური პრობლემებისათვის. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობდა მოკავშირეების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. მათ ეცოდებოდათ უსუსური მსხვერპლნი, მაგრამ მაინც ამ მდგომარეობას განიხილავდნენ მსხვერპლთა მორჩილების შედეგს.

ვინაიდან გენოციდი ოტომანთა იმპერიაში განხორციელდა იგი ჩაითვალა, როგორც ლოკალური პრობლემა, დამახასიათებელი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსათვის, რომელიც უკანასკნელი ამოსუნთქვის სტადიაშია და დაუფიქრებლად ჩადის სიმხეცეს იმ იმედით, რომ აღიდგინოს ყოფილი დიდება და გარდასული სიძლიერე. ოტომანთა იმპერიის დაშლასთან ერთად წმენდა დაიწყო მის გარშემო არსებულმა მოწამლულმა ატმოსფერომ. ომი დამთავრდა, მაგრამ სიმხეცის ჩადენის საშუალება მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო. საბოლოოდ, როცა თურქეთი სუვენერულ სახელმწიფოდ აღდგა ნაციონალისტების ძალისხმევით, რომელთაც ოტომანთა წარსული უარყვეს, არსებული საზოგადოება, რომელიც იმჟამად შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა, უნდა გარდაქმნილიყო ახალი ლიდერების მმართველობის ქვეშ.

ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში მშვიდობა დამყარდა. გენოციდის გამეორება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის განადგურების მიზნით, უკვე შეუძლებელი იყო. სომხებიც თავისი მწუხარებით ყველასაგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სომხების გენოციდზე თითქმის შეწყდა ლაპარაკი. ომმა ყველა ერს თავისი წილი ტანჯვა მოუტანა.

მეოცე საუკუნის დასასრულისათვის გენოციდის პრობლემამ სრულიად განსხვავებული ახსნა მიიღო. ბევრი იზიარებს აზრს, რომ გენოციდი არის თანამედროვე პერიოდის ძირითადი პრობლემა. ამ საუკუნის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ადამიანთა ფართომაშტაბიანი განადგურება. ომის თანამედროვე ინსტრუმენტის ლეტალური ძალა უამრავი რაოდენობის მსხვერპლს იწვევს. ასეთი იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩვენს სამყაროში ტერორის ახალ საშუალებად იქცა. მაგრამ ეს მაინც არ არის მეოცე საუკუნის მონსტრი. ეს მონსტრი უნდა ვეძებოთ იმ უსასრულო ძალაუფლებაში, რომელიც მიენიჭა სახელმწიფოს, განსაკუთრებით იმ რეჟიმების გამოყენებით, რომლებიც ითვალისწინებენ საზოგადოების რადიკალურ რეორგანიზაციას, გარკვეული ჯგუფების განადგურების გზით.

როცა ადამიანმა, რომელიც პასუხისმგებელია საუკუნის მეორე გენოციდზე, გადახედა სომხების მიერ გადატანილ საშინელებას, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა არა ოპერაციის მასშტაბმა, არამედ მოქმედი პოლიტიკის ეფექტურობამ. ასევე წამახალისებელი აღმოჩნდა მისთვის დაუსჯელობის პრინციპი და ცივილიზებული მსოფლიოს გულგრილი დამოკიდებულება თუნდაც იმაში, რომ სომხების განადგურება დანაშაულად ეცნოთ. უფრო უარესიც, მან ამ ფაქტებით თითქოსდა ნებართვა მიიღო, ახალი ბარბაროსული აქტი გააჩაღა და 1939 წელს უბრძანა თვით არმიას ომი დაეწყო : `მე მზადყოფნაში მოვიყვანე ჩემი სიკვდილის მომტანი ფორმირებები. ჯერჯერობით მხოლოდ აღმოსავლეთში. მათ ვუბრძანე უმოწყალოდ და გულცივად დახოცონ ყველა, პოლონური წარმოშობის ქალი, კაცი და ბავშვი. მხოლოდ ასე მოვიპოვებთ სივრცეს, რომელიც ასე გვჭირდება. ბოლოს და ბოლოს, ვის ახსოვს ან ვინ ლაპარაკობს სომხების განადგურბაზე?~ ადოლფ ჰიტლერის და ნაცისტების წყალობით გენოციდი ახალი ტიპის სახელმწიფოს და ახალი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის შემადგენელი ნაწილი გახდა. ხალხი, რომლისთვისაც მსოფლიოში ადგილი არ აღმოჩნდა, იყვნენ ებრაელები.

ჰოლოკოსტმა მოიტანა გენოციდის განსაზღვრა, ვინაიდან ეს მოხდა ევროპის შუაგულში, ამან გამოიწვია დასავლეთის საზოგადოების მიერ ცივილიზაციის კურსის გადასინჯვა. სომხების გენოციდისაგან განსხვავებით, ეხლა უკვე რთული იყო იმის უარყოფა, რომ ეს ჩამორჩენილი ცივილიზაციის ბრალი იყო. მასობრივი ხოცვა-ჟლეტა შეეხო სამყაროს იმ ნაწილს, რომელსაც თითქოსდა იმუნიტეტი უნდა ჰქონოდა ჰუმანურობის დაქვეითების მიმართ, რაც მილიონობით ადამიანის სიკვდილით დასჯითაც გამოიხატება.

ჰოლოკოსტმა სომხების გენოციდის პერსპექტივაში შეფასებაც მოახდინა. ბევრმა მსგავსება აღმოაჩინა სომხებისა და ებრაელების გენოციდს შორის.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ დასასრული დაუდგა ებრაელების და სომხების შეფასებას, როგორც იზოლირებულ მოვლენებს და მოხდა მათი გააზრება, როგორც მორალური დაცემის გზაზე დამდგარი სამყაროს სიმპტომატური მოვლენისა. დამაბნეველმა იდეოლოგიამ შეცვალა ეთიკური პრინციპების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა სხვადასხვა ეროვნებების და ხალხების ერთად ცხოვრებას. მხოლოდ რეტროსპექტივაშია შესაძლებელი სომხების ამ მწარე გამოცდილების აღქმა და ამ კატასტროფის, როგორც გენოციდის, ახსნა. მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულმა კიდევ ერთმა მასობრივმა განადგურებამ გააღვიძა ჩვენი ცნობიერება და ახსნა, როგორც ადამიანთა განადურების მოვლენა, გამომდინარე სახელმწიფოს იდეოლოგიიდან.

გენოციდი და საერთაშორისო სამართალი

კაცობრიობას მესხიერება არ გააჩნია. ტირანებმა ეს კარგად იციან და ამას ეყრდნობიან. მხოლოდ ადამიანს აქვს მეხსიერება, მაგრამ კაცობრიობას ნამდვილად საერთო მორალი გააჩნია. მკვლელობა ყველგან და ყოველთვის დანაშაულად ითვლებოდა, ხოლო მასობრივი მკვლელობა ადამიანის გონებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო. იმ დროისათვის, როცა სომეხთა გენოციდი განხორციელდა უკვე ჩამოყალიბებული იყო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ცნება.

უზარმაზარი საბრძოლო ტექნიკის გამოყენება და ამასთანავე თანამედროვე სახელმწიფო რესურსების და მოსახლეობის საომრად მობილიზაციის უნარი, სიკვდილის რისკის წინაშე აყენებდა მშვიდობის მოყვარე ხალხს. უფრო მეტიც _ ცდუნება, რომ გამოეყენებინათ თანამედროვე არმიის ფართო ძალები დემოგრაფიული ცვლილებების მოსახდენად და აგრეთვე, პოლიტიკური რუქის შეცვლის მიზნით, იწვევდა ტერიტორიის განსაკუთრებული ტიპის ჩამოყალიბების დიდ საშუალებას. დასავლეთის სახელმწიფოებში გადაიდგა ნაბიჯები ამ საკითხებთან დაკავშირებით, ომის გაჩაღებასთან მიმართებაში.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინაროებამ გვიჩვენა, რომ საერთაშორისო სამართალი ვერ ახერხებდა ძალის და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შეზღუდვას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
უფრო მეტიც. იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო სამართალი არეგულირებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, ადვილი არ იყო ჩარეულიყო ქვეყნის შიდა მოვლენებში, თუნდაც ეს გენოციდი ყოფილიყო.
ეს ფაქტი გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნიდა მოკავშირეებს, პასუხი მოეთხოვათ ახალგაზრდა თურქული მთავრობისათვის. ამან შეაყოვნა პროცესი და მოითხოვა მოკავშირეებისაგან იმაში მაინც დაერწმუნებინათ ოტომანები, რომ თურქეთის სასამართლოს გამოეძიათ ეს საკითხი. თავდაპირველმა დაკითხვებმა და საქმის გამოძიებამ საკმარისზე მეტი მასალი გამოააშკარავა, რომ დამტკიცებულიყო სომეხი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება.

განაჩენმა სრულიად ცხადად დაადანაშაულა დამნაშავენი მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში.

1919 წლის სამხედრო ტრიბუნალი წინასწარ იყო მთავრობის დადანაშაულების წინააღმდეგ განწყობილი. ვინაიდან ოტომანთა მთავრობის ლეგიტიმურობა სუსტდებოდა მზარდი ნაციონალისტური მოძრაობის ფონზე, მთავრობის წინააღმდეგ მიმართულმა ძალებმა მოახდინეს გამოძიების პოლიტიზირება, რითაც ხელი შეუშალეს იურიდიული პროცესის მსვლელობას. ეს მაინც არ იყო სამხედრო ტრიბუნალის მიერ საქმის შეწყვეტის ყველაზე ცუდი შედეგი. უუნარობა, ეღიარებინათ მომხდარი, როგორც დანაშაული, როცა ეს სრულად ნათელი და ცხადი იყო, გახდა სომხების წინააღმდეგ გენოციდის განმახორციელებელთა გამართლების დასაყრდენი და საფუძველი. იგივე შეცდომა აღარ განმეორებულა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა ნაცისტები. სამწუხაროდ, ნიურბერგის მაგალითი, როდესაც ნაცისტები დაადანაშაულეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში, დღემდე გამონაკლისად რჩება და არა წესად. კამბოჯაში ჩადენილმა გენოციდმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა ამ პრობლემის სირთულე. საერთოდ, იმ ქვეყანაში, სადაც გენოციდი ხდება, პოლიტიკური და იურიდიული სისტემა ვერ უზრუნველყოფს დამნაშავეთა გასამართლებას. საშველი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობაში დევს, რისკენაც ცალკეული სახელმწიფოები არც თუ დიდი ხალისით ისწრაფოდნენ.
1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენცია გენოციდის თავიდან აცილების და დამნაშავეთა დასჯის შესახებ, რომლის რატიფიცირებაც წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ მოხდა, ჯერ კიდევ სასამართლოში გადაცემას ითვალისწინებს. მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში იყო მცდელობა მიესადაგებინათ კონვენცია ბოსნიასა და რუანდაში ჩადენილი სიმხეცეებისათვის.

ყველაფრის მიუხედავად, ამ დოკუმენტს დიდი გავლენა აქვს თანამედროვე სამყაროში. უპირველესი მისი დამსახურება არის ის, რომ ამ დოკუმენტით გენოციდი განისაზღვრა, როგორც `ქმედებანი, განზრახ მიმართული ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურებისაკენ~. შემდეგ : კონცენციამ გენოციდი აღიარა დანაშაულად, რომლის ჩამდენნი უნდა დაისაჯონ მიუხედავად იმისა, სად, ვინ და როგორ გეგმავს გენოციდს. მესამე: იგი საკმაოდ ამარაგებს მეცნიერებს პრობლემის შესწავლისთვის საჭირო მასალით და იძლევა იმედს, რომ გენოციდი აღარ განმეორდება. მაგრამ დოკუმენტი არ აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც შეაკავებდა გენოციდს. დოკუმენტის ნაკლი იურიდიულ ხასიათს არ ატარებს, არც გენოციდია მხოლოდ იურიდიული პრობლემა. იგი სოციალური, საკაცობრიო პრობლემაა და მისი გამომწვევი კრიზისული მიზეზების გადასაჭრელად საჭიროა პოლიტიკური ნება.

სომხებისათვის კონვენცია დაგვიანებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ამ დოკუმენტმა ჩამოაყალიბა სომხების გენოციდის არსი და მიანიჭა მას დანაშაულის კატეგორია. გაგვიწია დახმარება იმის გაგებაში, თუ რატომ მოექცნენ ასე საშინლად სომხებს 1915 წელს. კონვენცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყველგან, ყველა ადამიანს, ქალსა და კაცს აქვს ერთნაირი ძირითადი უფლებები, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლება. აღიარება, რომ სომხების წინაშე ჩადენილი დანაშაული არის გენოციდი დაეხმარა გადარჩენილებს და მათ მომდევნო თაობებს აღედგინათ საკუთარი ღირსება, რომელიც ასე უცერემონიოდ შემოაძარცვეს. სომეხთა გენოციდის აღიარებით კონვენციამ აღადგინა ხსოვნის ღირსება ამ გულმავიწყ სამყაროში. როცა გახსოვს, ცდილობ ახსნა და გაიგო და როცა გაიგებ, გენოციდი არ შეიძლება მიეცეს დავიწყებას.

ბოლოსიტყვაობა

სომხების გენოციდის 80-ე წლისთავს კიდევ ერთი ნიშანი ახლავს. პირველად არსებობის მანძილზე სომხეთი უერთდება მთელ სამყაროში მიმობნეულ სომეხ ერს ამ თარიღის, 24 აპრილის, აღსანიშნავად. ის იდეები, რომლის აღმოფხვრაც ასე სურდათ გენოციდის განმახორციელებლებს, დღეს ხელმეორედ იბადება სუვერენულ და დამოუკიდებელ სომხეთის სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც დღეს ისტორიული სომხეთის მხოლოდ ნაწილს იკავებს. გადარჩენილთათვის და შემდგომი თაობისათვის ეს არის დრო, როცა უნდა აღიარონ სომეხთა გენოციდი. მსოფლიო საზოგადოებას სომხების მორალური ვალი აქვს, რადგან მან გადადო ეს აღიარება ასე შორს. უდიდესი ვალი აქვს, რა თქმა უნდა თურქეთს. ამ ვალის მოსახდელად აუცილებელია სიმართლის და იმ ისტორიული ფაქტის აღიარება, რომლის შედეგებს სომხები არასოდეს დაივიწყებენ.

ბიბლიოგრაფია

რუბენ-პოლ ადალიანი, სომხების გენოციდი ამერიკის არქივებში, 1915-1918; (ალექსანდრია, ვირჯინია: ჩადვიკ-ჰელი, 1944).
გევორქ ბარდაქიანი, ჰიტლერი და სომხების გენოციდი (კემბრიჯი, მასაჩუსეცი, ზორიანის ინსტიტუტი, 1985).
არტურ ბეილერიანი, სომხების გენოციდი საფრანგეთის არქივებში, პარიზი, 1983.
ბრაის ვისკონტი, არნოლდ თოინბი. სომხები ოტომანის იმპერიაში 1915-1916 წლებში, დოკუმენტები გადაეცა ვისკონტ გრეის, ფალოდონი, სახელმწიფო მდივანს საგარეო ურთიერთობების საქმეში (ლონდონი, 1916).
ჩოქ ფრანკი და ჯონასონ კურტი, გენოციდის ისტორია და სოციოლოგია: ანალიზი და მაგალითები. იელის უნივერსიტეტის პრესა, 1990. 



 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია